საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად გადაკეთების პროექტს ამუშავებს. ამ ეტაპზე დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს პროექტის გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიშით მიმართა.
სკოპინგის დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ-ს] მომზადების წინა ეტაპია. ამ დასკვნით განისაზღვრება გზშ-ის ანგარიშის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი.
სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, „საქართველოს საგზაო პროექტირების სტანდარტების თანახმად, მოდერნიზებული გზის საპროექტო სიჩქარე იქნება 120 კმ/სთ. სამშენებლო სამუშაოების ხანგრძლივობად განსაზღვრულია დაახლოებით 2 წელი. სამუშაოები კი სავარაუდოდ, 2025 წელს დაიწყება.“
წინასწარი გათვლებით ახალი გზა შეეხება 200-მდე კერძო მიწის ნაკვეთს და 20-ზე მეტ შენობა-ნაგებობას. ქონების საკომპენსაციოდ კი ჯამში 20 მილიონი ლარი იქნება საჭირო.
გარემოსდაცვითი სკოპინგის ანგარიში მომზადებულია ქობულეთის შემოვლითი გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტის საფუძველზე.
ქობულეთის არსებული შემოვლითი გზის საერთო სიგრძე დაახლოებით 31,3 კმ-ია. ამ გზის პირველი მონაკვეთი [ოზურგეთის სოფელ შეკვეთილიდან – ქობულეთის სოფელ გვარამდე] 2013 წელს გაიხსნა, ხოლო მეორე მონაკვეთი [ქობულეთის სოფელ გვარადან – მახინჯაურის გვირაბამდე] – 2018 წელს.
ქობულეთის შემოვლითი ორზოლიანი გზის ოთხზოლიანად გადაკეთებაზე მუშაობა გზების დეპარტამენტმა ამ გზის სრულად გახსნიდან 5 წლის შემდეგ, 2023 წელს დაიწყო.
25 დაღუპული და 209 დაშავებული ქობულეთის შემოვლით გზაზე
გზის გადაკეთების ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ავარიებიც იყო, თუმცა დეპარტამენტი ყოველთვის აცხადებდა, რომ არსებული ორზოლიანი გზა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდა.
ამ თემას ეხება სკოპინგის ანგარიშიც, სადაც ქობულეთის შემოვლით გზაზე 2023 წელს მომხდარი ავარიებია განხილული.