უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა (SBU), რომ ლიკვიდირებულია SBU-ს პოლკოვნიკის ივან ვორონიჩის მკვლელობაში ეჭვმიტანილი “რუსეთის აგენტები”, რომლებმაც დაკავებისას წინააღმდეგობა გასწიეს.
ეჭვმიტანილების მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა.
„გამოძიებითი და კონტრდაზვერვითი საქმიანობის შედეგად, მტრის ბუნაგი აღმოაჩინეს. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გასწიეს“ და ისინი „ლიკვიდირებულნი არიან“, – თქვა მალიუკმა.
SBU აცხადებს, რომ ვორონიჩის მკვლელობა ორმა ადამიანმა – კაცმა და ქალმა – ჩაიდინა. მათი კურატორის მითითებით, ისინი ვორონიჩს გაჰყვნენ და მისი გადაადგილების მარშრუტები დაადგინეს. შემდეგ კურატორმა მათ სამალავი ადგილის კოორდინატები მისცა, სადაც მაყუჩიანი პისტოლეტი იდო.
ივან ვორონიჩი 10 ივლისს კიევის ჰოლოსიევსკის რაიონში მოკლეს.
გამოქვეყნებულია სათვალთვალო კამერის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ვორონიჩს საცხოვრებელი კორპუსიდან გამოსვლისთანავე ესროლეს. მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სამართალდამცველის სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით.
The New York Times-ის ცნობით, ვორონიჩი მსახურობდა SBU-ს მეხუთე დირექტორატში, რომელიც ოპერაციებს ახორციელებდა რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ, ის ამ დანაყოფს მეთაურობდა. ეს დანაყოფი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოსგან იღებდა მხარდაჭერას და, კერძოდ, პასუხისმგებელი იყო დონბასში პრორუსი სეპარატისტის, Motorola-ს სახელით ცნობილი, ერთ-ერთი მეთაურის, არსენ პავლოვის მკვლელობაზე.