საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ახალ შენობას აშენებს, ინფლაციის გამო ხარჯი ბოლო სამ წელში 21 მილიონი ლარით გაეზარდა. ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრებს მიაწოდა არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა.
21 დეკემბერს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში მიიწვიეს დირექტორი, რათა ელაპარაკა მომავალი წლიდან რამდენიმე გადაცემის დახურვის მიზეზებზე. თინათინ ბერძენიშვილმა მეურვეებს წარუდგინა 2021 წელს გათვალისწინებული ხარჯების ჩამონათვალი და მათი გაზრდილი ღირებულება 2024 წლის მდგომარეობით.
“რატომ გაძვირდა? იმიტომ რომ დაემთხვა პანდემია, იყო ინფლაცია და იყო ომი”, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
მისი თქმით, მხოლოდ მშენებლობის ტენდერის ფასი თითქმის 4,4 მილიონი ლარით გაიზარდა, საინჟინრო მომსახურების ფასი – 12 მილიონი ლარით, ავეჯისა და ინვენტარის – 4,1 მილიონით.
ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს 2021 წელს 112 მილიონ ლარამდე უჯდებოდა, 2024 წელს 133 მილიონი დაუჯდება.
არხის დირექტორი ამბობს, რომ ახალი შენობისთვის საჭირო 115 მილიონამდე ლარის მობილიზება სესხით, არსებული შენობის გაყიდვითა და გაზრდილი ბიუჯეტით უნდა მომხდარიყო.
რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესი შეცვალა. დირექტორი ამბობს, რომ ამის გამო დასჭირდათ 6,6 მილიონ ლარამდე დაკლებული შემოსავლის დაბალანსება სხვა ხარჯების შემცირებით.
“ეს თანხა საიდანღაც უნდა მოეპოვებინა [მენეჯმენტს]. საიდან გადაანაწილებს?! საოპერაციო ხარჯიდან წამოიღებს… ჩვენი ძირითადი საქმიანობა არის გადაცემები. გადაცემები არის ადამიანები – 70 პროცენტი ჩვენი ბიუჯეტის, რომელიც ასე ყელზე ადგას ყველას, არის ადამიანების ხელფასები, რომელიც არ არის ისეთი, როგორიც არ არის მედიაბაზარზე”, – აღნიშნა მან.
საქართველოში თითქმის ორი წლის განმავლობაში მაღალი ინფლაცია იყო. ფასები გაიზარდა თითქმის ყველა მომსახურებაზე, მათ შორის მშენებლობაზე.
- 2021 წლის წლიური (საშუალო) ინფლაცია 11,9 პროცენტს შეადგენდა;
- 2022 წლის წლიური (საშუალო) ინფლაცია კი 9,8 პროცენტი იყო.
ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც 2021 წლის დასაწყისში 100 ლარი ჯდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის გაძვირდა დაახლოებით 123 ლარამდე.