რუსეთის მთავრობის წევრები, მეწარმეები და ეკონომისტები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მოახლოებულ რეცესიაზე, რომელიც შესაძლოა, კატასტროფული შედეგების მომტანი აღმოჩნდეს სრულმასშტაბიან ომში ჩართული და დასავლეთიდან იზოლირებული რუსეთისათვის.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის, მაქსიმ რეშეტნიკოვის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა. მისი თქმით, ოფიციალური სტატისტიკით თავის დამშვიდება არასწორი იქნებოდა, რადგან „სტატისტიკა უკან ხედვის სარკესავითაა“ ანუ ის მხოლოდ წარსულს ასახავს.
„რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება და ის გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ეს საჯაროდ არის აღიარებული“, – დაწერა სააგენტო Bloomberg-მა რუსეთის საბანკო სექტორის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ეკონომისტების თქმით, რუსეთის ეკონომიკის ძირითად პრობლემებს შორისაა ნედლეულის ექსპორტზე დამოკიდებულება, ტექნოლოგიური განვითარების დაბალი დონე, კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა, სტრუქტურული პრობლემები და საერთაშორისო სანქციების გავლენა. ასევე ეკონომიკის მკაცრი ცენტრალიზაცია და კონკურენციის პრობლემები.