„ვატიკანის სასამართლომ ძლევამოსილ კარდინალს და პაპობის ერთ-ერთ პრეტენდენტს 75 წლის ანჯელო ბეჩიუს 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“, – ამის შესახებ AFP იტყობინება.
რომის პაპი ფრანცისკეს ყოფილი მრჩეველი და მასთან ერთად სხვა 9 პირი, მათ შორის ადვოკატები, ფინანსისტები და ვატიკანის ყოფილი თანამშრომლები თაღლითობის, კორუფციისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით იყვნენ დაკავებული.
წარდგენილი ბრალდება ყველამ უარყო.
პროცესი, რომელიც 2021 წლის ივლისიდან გრძელდება, ძირითადად ეხებოდა 350 მილიონ ევროდ ძვირად ღირებული უძრავი ქონების შეძენას ლონდონში.
სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ფრანცისკემ ვატიკანის სამოქალაქო სასამართლოებს ნება დართო, გაესამართლებინათ კარდინალები და ეპისკოპოსები, მაშინ როცა ადრე ამას აკეთებდა მხოლოდ საეკლესიო სასამართლო, რომელსაც ხელმძღვანელობდა თავად კარდინალები.