მუქარა რუსი ტურისტების მხარდაჭერის მიზნით – გუდაურის რესტორან “მთვრალ ალუბალში” ჩეკზე დატანილი წარწერა – “რუსეთი ოკუპანტია” – რუსი ვიზიტორებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.
რესტორნის მფლობელების ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების პროტესტს გუდაურში მდებარე სასტუმრო “ვინთერ ჰაუს გუდაურის” წარმომადგენლის, კახა მაღრაძის მუქარის შემცველი მესიჯი მოჰყვა. სასტუმროს წარმომადგენელი რესტორნის თანამშრომლებს აფრთხილებდა, რომ თავიანთ სტუმრებს იქ აღარ გაგზავნიდნენ.
- ირკვევა, რომ ზამთრის კურორტზე ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული აპარტამენტების მფლობელი მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორის, წიკლაურის ცოლია.
რესტორანი “მთვრალი ალუბლის” წარმომადგენლები “პირველებთან” საუბარში განმარტავენ, რომ ჩეკზე აღნიშნული წარწერა 2008 წლიდან აქვთ და ისინი ყველა მომხმარებელს აფრთხილებენ, რომ პუტინის რეჟიმის მხარდამჭერებს არ ემსახურებიან.
თვითონ ბიზნესის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა ჩვენ “მთვრალი ალუბლის” ტელეფონის ნომერზე და მოგვწერა, რომ ჩვენ ვართ სამარცხვინოები, რომ მისმა სტუმრებმა წაიკითხეს ჩვენ ჩეკზე, ბოლოში, რომელიც წლებია, 2008 წლიდან გვიწერია – “რუსეთი ოკუპანტია” და ჩვენ ამის გამო ის შევარცხვინეთ, მის სტუმრებს შეურაცხყოფა მივაყენეთ , ჩვენთვის დავიტოვოთ ჩვენი შეხედულებები და სტუმრებს თავს არ მოვახვიოთ ეს ჩვენი ტკივილი. მოკლედ, ეს იყო შინაარსი, ძალიან გვეჩხუბა და [გაგვაფრთხილა], რომ ყველას ეტყვის, რომ არ იარონ “მთვრალ ალუბალში” იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ფაშისტები რუსების წინააღმდეგ, მათ ვაწუხებთ ჩვენი შეხედულებებით, სინამდვილეში, რუსეთი ოკუპანტი არ არის, ასეთი შინაარსის მუქარა გვქონდა ამ ადამიანისგან და ამიტომ უბრალოდ გავასაჯაროვეთ იმიტომ, რომ თვითონ მე მგონი, უნდა რცხვენოდეს ასეთი პოზიცია რომ აქვს.
მგონი, მარტო “მთვრალი ალუბალი” და “ვიტამინია” გუდაურში ასეთი პოზიციით, ბევრ რესტორანში გამოკრული აქვთ მობრძანდით, გენაცვალეთ რუსულად, ზედ ყვებიან და რუსულ მუსიკებს ურთავენ, ასეთი დამოკიდებულებაა. უბრალოდ მათი სამოქალაქო პოზიცია ასეთია რა,” – ამბობს რესტორნის წარმომადგენელი.




