აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის, 40 წლის მაიზერ ხვარეშიას დედის კომპანია ბათუმში, მწვანე კონცხზე მრავალბინიან კომპლექსს აშენებს. შპს „თალასა ჯგუფს“ რვასართულიანი კორპუსის კარკასის სამუშაოები უკვე დასრულებული აქვს და ბინებს ზღვისა და მთის ხედებით მაღალ ფასად ყიდის. მაიზერ ხვარეშია სულ სამი წლის განმავლობაში არ მუშაობდა შსს-ში და სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის ოფიციალურად სამშენებლო ბიზნესში.

მიმდინარე მშენებლობა

რენდერი კომპანიის ფეისბუქის გვერდიდან
სამშენებლო პროექტის ღიობებიდან ერთ მხარეს ზღვისა და ქალაქის ხედები იშლება, მეორე მხარეს მთის ხედები, რაც ბინების ფასს ბევრად ზრდის.

მიმდინარე მშენებლობა – აქ ერთი კვ.მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება და იზრდება ხედისა და საიმაღლის მიხედვით.
მაიზერ ხვარეშია დაახლოებით ერთი თვის წინ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს. მანამდე ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტში საორგანიზაციო სამმართველოს ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი, 2022 წლამდე ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო.
შპს „თალასა ჯგუფი“ 2022 წელს დაფუძნებული კომპანიაა და მის 50 პროცენტს „აია პლაზა“ ფლობს. ამ კომპანიის მფლობელი კი აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის პენსიონერი დედა, ლია ბრეგვაძეა. რეესტრის მონაცემებით, „აია პლაზა“ მაიზერ ხვარეშიამ პოლიციიდან წასვლის შემდეგ, 2022 წელს დააფუძნა და თავად ფლობდა კომპანიის წილების ასივე პროცენტს 2025 წლის ივნისამდე. ოთხი თვის წინ მან კომპანიის ასივე პროცენტი დედას – ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა.
- შპს „აია პლაზა“ – პოლიციელის დედის კომპანია ფლობს ასევე შპს „აია პლაზა 2“-ის 67 პროცენტს
„აია პლაზა 2“ 2024 წლის ნოემბერში „აია პლაზამ“ დააფუძნა. მისი დაფუძნების დღიდან კომპანიის დირექტორად მაიზერ ხვარეშია ფიქსირდებოდა, მალევე ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს გადააბარა. ეს კომპანია ქუთაისში ყაუხჩიშვილის #7-ში, „თეთრ ხიდთან“ ახლოს საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.
დოკუმენტების მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, მშენებლობის ნებართვის თხოვნით ქუთაისის მერიას თავად მაიზერ ხვარეშიამ მიმართა და დადებითი პასუხიც მიიღო – 2024 წლის 4 ოქტომბერს. მაიზერ ხვარეშიას, როგორც დამკვეთის სახელი და გვარი, ასევე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული პროექტის საინფორმაციო დაფაზეც.
სქრინი დოკუმენტიდან
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის ნაკვეთები სამშენებლოდ ქუთაისში, ყაუხჩიშვილის ქუჩაზე, მაიზერ ხვარეშიას სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით უყიდია. ამ ნაკვეთებზე განთავსებული იყო ძველი შენობებიც. ოთხი მიწის ნაკვეთი აქ სახელმწიფომ 2022 წელს უპირობო აუქციონის წესით გაყიდა.
- 250 000 ლარი ძმის საჩუქარი
როგორც თავად ჩაწერა დეკლარაციაში, ხვარეშიას ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთებში 600 000 ლარზე მეტი გადაუხდია. წინა წლებში შევსებულ დეკლარაციებში დაფიქსირებული შემოსავალ-გასავლის მიხედვით ხვარეშიას დანაზოგი არ ჰქონდა, არც რაიმე ქონება გაუყიდია. დეკლარაციაში მითითებული აქვს წინა წელს აღებული სესხი, რომელიც ნახევარ მილიონზე მეტის ხარჯს ვერ დაფარავდა.
როგორც ჩანს, ხარჯების დასაბალანსებლად ზუსტად ამ წელს პოლიციელს ძმამ სოლიდური თანხა – 250 000 ლარი აჩუქა. თუმცა ეს 2022 წლის გასავალს მაინც ვერ აბალანსებს, რადგან მაიზერ ხვარეშიას 2022 წელს კიდევ ერთი სოლიდური ხარჯი ჰქონდა, მას ავტომანქანაში 215 000 ლარი გადაუხდია [მოდელი არ მიუთითა].
მშენებლობის ნებართვის მიღებიდან მალევე, 2024 წლის ნოემბერში, ხვარეშიამ კომპანიის წილები – 33 პროცენტი 1.1 მილიონ ლარად გაყიდა. 2025 წელს შევსებულ დეკლარაციაში მან ეს 1.1 მილიონი საერთოდ არ ახსენა. ეს კი კანონის დარღვევაა და რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო უნდა აკონტროლებდეს.
2024 წლის ნოემბერში შესყიდული მიწის ნაკვეთები ყაუხჩიშვილის ქუჩაზე მაიზერ ხვარეშიამ დედის კომპანიას, შპს „აია პლაზას“ გადაუფორმა. რეესტრში არ არის მითითებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, არც ჩუქება ფიქსირდება. დოკუმენტების მიხედვით, დედის კომპანიას მიწის ნაკვეთები პოლიციელმა გადასცა შეთანხმების საფუძველზე, რაც გულისხმობდა „სამეწარმეო საზოგადოებაში შენატანის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე“.
ამონაწერში მიუთითეს ასევე შპს „აია პლაზას“ დამფუძნებლის გადაწყვეტილების შესახებ“ – დამფუძნებელი კი თავად მაიზერ ხვარეშიაა.
მალევე ეს ქონება „აია პლაზა 2“-ს გადასცეს ისევ კომპანიების დამფუძნებლების გადაწყვეტილებების საფუძველზე.
2024 წლის 7 ნოემბერს მაიზერ ხვარეშიამ მიმართა საჯარო რეესტრს, როგორც „აია პლაზა 2“-ის წარმომადგენელმა, იმავე დღეს მან რეესტრს განცხადებით მიმართა, როგორც „აია პლაზას“ წარმომადგენელმაც.
- ვინ გადაიხადა 1.1 მილიონი შპს „აია პლაზა 2“-ის წილებში
„აია პლაზა 2“ 2024 წლის 6 ნოემბერს „აია პლაზამ“ დააფუძნა, ამ დროს კომპანიის მფლობელი მაიზერ ხვარეშია იყო და წილები ჯერ დედისთვის გადაცემული არ ჰქონდა. „აია პლაზა 2“-ის 100 პროცენტის მფლობელი და დირექტორი მაიზერ ხვარეშია იყო. 2024 წლის 8 ნოემბერს კომპანიის 33 პროცენტი შპს „რონი 2024“-მა შეისყიდა 1 მილიონ 130 310 ლარად.

ყაუხჩიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის რენდერი

შპს „რონი 2024“ ვარლამ თვარაძეს ასევე 2024 წლის ნოემბერში დაუფუძნებია. 2024 წლის 22 ნოემბრიდან მაიზერ ხვარეშია კომპანიის დირექტორად აღარ ფიქსირდება, კომპანიაში ეს თანამდებობა შოთა ჯავახაძეს ჩააბარეს.
2022 წელს მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია შეუვსია, როგორც ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს ყოფილ უფროსს. ამ დეკლარაციის მიხედვით, ის თანამდებობაზე 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა, შემდეგ კი სავარაუდოდ გაათავისუფლეს. 2023-2024 წლებში მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსია.
მორიგი დეკლარაცია კი 2 წლის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში შეავსო, როგორც აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს უფროსმა. ამ დეკლარაციაში მან ხელფასზე არაფერი ჩაწერა [დეკლარაციაში 2024 წლის მონაცემები უნდა იყოს ასახული].
- „თალასა ჯგუფი“
შპს „თალასა ჯგუფის“ წილებს ზვიად მჟავანაძე [60%] და თამარ ლომიძე [40%] იყოფდნენ. 2023 წლის აპრილში კომპანიის 50 პროცენტი „აია პლაზამ“ დაირეგისტრირა: თავისი წილები 337 531 ლარად სრულად გაყიდა თამარ ლომიძემ, ზვიად მჟავანაძემ კი კომპანიის წილების 10 პროცენტი მიჰყიდა „აია პლაზას“ 137 742 ლარად. ეს ჯამში ნახევარ მილიონამდე ლარია.
შპს „თალასა ჯგუფის“ დირექტორის თანამდებობაზე ზვიად მჟავანაძე დანიშნეს.
- „ნიუ ლაიფ“
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სამშენებლო საქმიანობა ლია ბრეგვაძეს 2017 წელს დაუწყია. მაიზერ ხვარეშია ამ დროს ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო. ამ წელს პოლიციელის დედამ შპს „ნიუ ლაიფ“-ი დააფუძნა, რომლის ასივე პროცენტის მფლობელიც თავადაა, კომპანიის დირექტორად კი ზეზვა ხვარეშია [სავარაუდოდ მაიზერ ხვარეშიას ძმა] ფიქსირდება.
2021 წელს ამ კომპანიის ასივე პროცენტი ლია ბრეგვაძემ ზეზვა ხვარეშიას გადაუფორმა. შპს „ნიუ ლაიფს“ ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსი აუშენებია.
- „ეკო გარდენი
2019 წელს პოლიციელის დედას შპს „ეკო გარდენი“ დაუფუძნებია გაგა ჩხეიძესთან ერთად. ლია ბრეგვაძე ამ კომპანიის 33, 3 პროცენტს ფლობდა მისი დაფუძნების დღიდან 2021 წლამდე, დარჩენილი 66.7 პროცენტი კი გაგა ჩხეიძის საკუთრება იყო.
კომპანიის დირექტორად ზეზვა ხვარეშია ფიქსირდება [პოლიციელის ძმა]. 2021 წელს ამ კომპანიის 33, 3 პროცენტი ლია ბრეგვაძემ გაგა ჩხაიძეს 80 000 ლარად მიჰყიდა. ეს კომპანია ფლობს 1147 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე.
- შპს „მ ენდ ზ“
საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაიზერ ხვარეშიას სახელი და გვარი კიდევ ერთ კომპანიასთან იკვეთება. 2023 წლის თებერვალში მას შპს „მ ენდ ზ“ დაუფუძნებია – სავარაუდოდ ძმების ინიციალებია, ანუ მაიზერი და ზეზვა. კომპანიის წილების ასივე პროცენტი მაიზერ ხვარეშიას ეკუთვნოდა და კომპანიის დირექტორიც თავად იყო. 2025 წლის ივნისში მაიზერ ხვარეშიამ ეს კომპანიაც დედას, ლია ბრეგვაძეს გადაუფორმა უსასყიდლოდ.
შპს „მ ენდ ზ“ 400 კვ. მეტრზე მეტ ფართობს ფლობს ქუთაისში, აღმშენებლის ქუჩაზე, შპს „ნიუ ლაიფის“ მიერ აშენებულ კორპუსში.
- რა ქონებას ფლობს მაიზერ ხვარეშია ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით
მაიზერ ხვარეშიამ 2025 წლის სექტემბერში ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ ფლობს ბინას ქუთაისში აღმაშენებლის ქუჩაზე, რომელიც 2021 წელს 36 000 დოლარად შეუძენია. ამავე წელს მას ირაკლი აბაშიძის ქუჩაზეც უყიდია ბინა 21 000 დოლარად. დეკლარაციაში ასევე მიუთითა, რომ 2021 წელს აიღო იპოთეკური სესხი – 80 000 დოლარი, ხოლო ამ სესხის მომსახურების გასავალი, წინა წელს, 12 000 დოლარი იყო.
2001-2002 წლებში, სხვადასხვა დროს, მაიზერ ხვარეშიას ხუთი მიწის ნაკვეთი მიუღია მემკვიდრეობით თერჯოლაში, სოფელ ეწერში, ლიანა ხვარეშიასგან.
ბოლო დეკლარაციაში მაიზერ ხვარეშიამ მხოლოდ შვილი ჩაწერა, მეუღლე კი გამოტოვა.
ამ დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიას არ აქვს ძვირადღირებული მანქანა, არ ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს მნიშვნელოვანი დანაზოგი.
მაიზერ ხვარეშიას ქონებრივი დეკლარაციები 2015 წლიდან იძებნება, ამ დროს ის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა – არ ჰქონდა საკუთარი ბინა, მანქანა და მიწის ნაკვეთი.
2017 წელს დეკლარაციაში იპოთეკური სესხის შესახებ მიუთითა. გარდა ამისა, ჩაწერა ბინით სარგებლობის საფასური. ამავე წელს მან ქუთაისში, გელათის ქუჩაზე 30 000 დოლარად იყიდა 1224 კვ.მიწის ნაკვეთი დამხმარე ნაგებობით. შემდეგ დეკლარაციებში ეს ქონება აღარ ჩანს, არც მისი გასხვისების შესახებ ინფორმაცია იძებნება.
2020 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მაიზერ ხვარეშიამ მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთები თერჯოლაში, სოფელ ეწერში, იყიდა ავტომანქანა 6000 დოლარად, მითითებული აქვს ასევე სამომხმარებლო სესხის შესახებ.
ამავე დეკლარაციის მიხედვით, მეუღლემ, ანა დავითაშვილმა ქუთაისის მერიაში დაიწყო მუშაობა.
„ბათუმელებმა“ მაიზერ ხვარეშიასთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს ზარებს არ უპასუხა.





