დღეს, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილის მეგობარი ბიზნესმენებიც მივიდნენ.
“ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, თქვენ ხართ საჭორაოდ მოსულები”- უთხრა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარის, ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის ცოლმა, რომელმაც დღეს არ უარყო, რომ ყოფილი პრემიერის ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს.
ნინო სუთიძეს დღეს მედიის წარმომადგენლებმა ჰკითხეს, რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე და იმ კორუფციულ საქმეზე, რასაც ყოფილ პრემიერს ედავებიან.
ნოშიკო ნამორაძის ცოლის პასუხი ასეთი იყო:
თქვენ ხართ საჭორაოდ მოსულები…ეს კითხვა ერთხელ და სამუდამოდ რომ ამოვწუროთ, ისე სვამთ ამ შეკითხვას, თითქოს არის კომპრომატი. მე არასოდეს არ დამიმალავს არავისთან მეგობრობა, ნამდვიალდ ვარ მათი ოჯახის მეგობარი. მეუღლე არის მეგობარი, თუმცა ჩვენი ოჯახი არის ბიზნესით, ირაკლი იყო სახელმწიფოში პრემიერი, აქედან გამომდინარე ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ. კითხვას მისვამთ იმდენად არასერიოზულს, ჯერ ეს ერთი, მე საერთოდ არ ვიცი კორუფცია სად გაჟღერდა. ნახეთ, მე “ქართულ ოცნებაში” ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. ჩემი მეუღლის ბიზნესით შეგიძლიათ თქვენც დაინტერესდეთ. ახლა, აქედან რომ წავალთ, ერთი სამი დღე ჩაუჯექით, ყველაფერი ამოქექეთ და ერთი ფაქტით თუ იქნება რომ რამე არაკონიერი აქვს ჩემი მეუღლის კომპანიას გაკეთებული, შევიკრიბოთ და ვისაუბროთ”, – განაცხადა სუთიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა – ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა. ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
 
				 
								
 
								


