ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოება “ოცნების” ორმაგ სტანდარტზე” საუბრობს.
ხალხი ამბობს, რომ მაშინ, როცა მზია ამაღლობელი პოლიციელზე სილის გაწვნის გამო ციხეში ზის, პოლიციელზე ჯგუფურად განხორციელებული ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილს თავმჯდომარეს 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ათავისუფლებენ.
ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის გამომძიებელი მიშა დარჩიაა. სწორედ ის იყო მზია ამაღლობელის საქმის გამომძიებელიც. ამიტომ “პირველებმა” დღეს მიშა დარჩიას სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებინა.
მე ვერც სასამაართლოზე, ვერც ვერანაირ უწყებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ… მზია ამაღლობელი სილის გაწვნის გამო არა, იმ დანაშაულისთვსი ზის ციხეში, რაც ჩაიდინა… – ამბობს გამომძიებელი.
“პირველებმა” დღეს კითხვები დაუსვა ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის კოლეგებსაც, მათ შორის მასაც, ვინც ამჟამად დავით შარაშიძის მოვალეობას ასრულებს.
ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ დავით შარაშიძემ უკვე “პოლიტიკური ფასი გადაიხადა”.
დავით შარაშიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.
- საქმის მასალების მიხედვით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა – დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.




