New York Times-ის, The New Yorker-ის, Der Spiegel-ისა და El Pais-ის მიერ გამოქვეყნებული მემუარების ნაწყვეტების მიხედვით, თებერვალში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი წერდა, რომ იგი ციხეში გარდაცვალებას ელოდა.
“ცხოვრების დარჩენილ ნაწილს ციხეში გავატარებ და აქვე მოვკვდები. არავინ იქნება, ვისაც დავემშვიდობები… ყოველ დღესასწაულს ჩემ გარეშე აღნიშნავენ. მე ვერასდროს ვნახავ ჩემს შვილიშვილებს”, – წერდა ნავალნი 2022 წლის 22 მარტს.
გამოცემა BBC-ის ცნობით, ნავალნის მემუარები, სახელად პატრიოტი სრულად 22 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
მემუარების ნაწყვეტების პრეზენტაციაზე გამოცემა The New Yorker-ის ჯგუფმა თქვა, რომ რუსეთის ტყვეობაში ყოფნის დროს ნავალნიმ, თავისი ჯგუფის დახმარებით, სოციალურ ქსელებში დღიურის რამდენიმე თავის გამოქვეყნება შეძლო.
“შეუძლებელია, ნავალნის ციხის დღიური ისე წაიკითხო, რომ არ აღგაშფოთოს მისი ტანჯვის ტრაგედიამ და გარდაცვალებამ”, – თქვა The New Yorker-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, დეივიდ რემნიქმა.
ბოლო ნაწყვეტში, რომელიც აღნიშნულმა გამოცემამ გამოაქვეყნა, 2024 წლის 17 იანვარს ნავალნი წერს, რომ მას სხვა პატიმრები და ციხის მცველები ხშირად ეკითხებოდნენ, თუ რატომ დაბრუნდა იგი რუსეთში.
პასუხი, როგორც ამას ნავალნი წერს, მარტივია: “არ მინდოდა დავნებებულიყავი ჩემი ქვეყნის წინაშე ან მეღალატა მისთვის. თუ შენი ბრალდებები რაიმეს ნიშნავს, მზად უნდა იყო, რომ მათ წინაშე წარდგე და, თუ საჭირო იქნება, გაიღო შესაბამისი მსხვერპლიც”.
ცოტა ხნის წინ საგამოძიებო გამოცემა The Insider-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში მოწამლეს. გამოცემამ მათ მიერ მოპოვებულ ასობით ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაარკვია, რომ სიკვდილამდე ნავალნი მუცლის მწვავე ტკივილს, ღებინებასა და კრუნჩხვებს უჩიოდა, ხოლო ეს სიმპტომები რუსულმა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად დამალა.