„ბერლინალეს“ კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი 34-კაციან დელეგაციას გზავნის. ვიზიტის ხარჯები საჯარო არ არის. რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და პარალელურად დაითვალა, რა შეიძლება დაჯდეს ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრის ერთი დღე ბერლინში.
ბერლინში, საერთაშორისო კინოფესტივალი „ბერლინალე“ წელს 74-ედ იმართება. ფესტივალის ნაწილია ევროპული კინოს ბაზრობა (EFM), რომელშიც საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს. ქართულ სტენდს 19-წლიანი ისტორია აქვს. საქართველოდან წასული დელეგაცია ქართული კინოს სტენდს 2024 წელსაც წარადგენს, თუმცა შემადგენლობით, რომელიც კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი გახდა.
ვინ მიდის „ბერლინალეზე“
კინობაზრობის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს დელეგაციის წევრები არიან კინოცენტრის 5 მოქმედი თანამშრომელი, მათ შორის – დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია და ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია. დანარჩენი 29 კაციდან 12 კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. მათი უმრავლესობა პროფესიით რეჟისორი, სცენარისტი ან პროდიუსერია.
კინოცენტრის სახელით „ბერლინალეზე“ „იმედისა“ და „პოსTV“-ს ხუთი ჟურნალისტიც მიდის. მათ შორისაა მომღერალი ნინი ბადურაშვილი. „პოსTV“-ს ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ პიარის დეპარტამენტის თანამშრომლის სტატუსით აგზავნის, ამავე არხის წამყვან გური სულთანიშვილს კი – კინოექსპორტის სპეციალისტად.