ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი LRT-ი ავრცელებს.
ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი საჰაერო ბუშტების გაშვება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის.
„საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის მუშაობის შეფერხების გამო, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვლადისლავ კონდრატოვიჩმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა შეიარაღებულ ძალებს მოქმედების თავისუფლებას ანიჭებს და ქვეყნის უწყებებს მჭიდრო თანამშრომლობის საშუალებას აძლევს.
საგანგებო მდგომარეობის ხანგრძლივობა ჯერჯერობით უცნობია.
ბოლო ორი თვის განმავლობაში ლიეტუვაში ბელარუსიდან საჰაერო ბუშტების გაშვების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შედეგადაც ვილნიუსის აეროპორტმა მუშაობა რამდენჯერმე შეაჩერა. ოქტომბრის ბოლოს ლიეტუვამ ბელარუსთან საზღვარი ერთი თვით დახურა. მოგვიანებით, ლიეტუვის მთავრობამ საზღვარი დაგეგმილზე ადრე გახსნა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინინემ განაცხადა, საზღვარი კვლავ დაიხურებოდა, თუ ბელარუსიდან საჰაერო ბუშტებით კონტრაბანდა გაგრძელდებოდა.




