მედია: ლევან ვასაძე: UK-ს სანქციების შემდეგ, ქართულმა ბანკებმა მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები დაგვიბლოკეს

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებული პუტინისტი ლევან ვასაძე წერილს ავრცელებს, რომელიც, მისი თქმით, “კონსერვატორ ბრიტანელ მეგობრებს” 20 სექტემბერს გაუგზავნა.

ვასაძე წერს, რომ ბრიტანეთის მთავრობის სანქციების შემდეგ, “საქართველოს საბანკო სისტემამ დევნა განახორციელა არა მხოლოდ ჩემი, არამედ ჩემი ოჯახის წევრების მიმართაც”. მისი შეფასებით, “მსგავს ქმედებას წარსულში მხოლოდ “ბოლშევიკები“ და ნაცისტები თუ სჩადიოდნენ”.

ვასაძის თქმით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა  ბანკმა დაბლოკა მისი და მისი ცოლის ყველა ანგარიში და საკრედიტო ბარათი. ასევე, მისი სრულწლოვანი შვილების, დის და დედის ანგარიშები.

“იგივე ბედი ეწია ღვინის საწარმოს ანგარიშებს, რომელიც ჩემს საკუთრებაში კი არ არის, არამედ ჩემს მეუღლეს ეკუთვნის და მის მიერ იმართება.

მოგვიანებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულმა კიდევ ერთმა ქართულმა ბანკმა – საქართველოს ბანკმა – მოითხოვა, რომ ჩემი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ღვინის საწარმოს მათთან არსებული ყველა ანგარიში დაეხურა. ამგვარად, თიბისისთან ერთად, საქართველოს ბანკმაც საფრთხის ქვეშ დააყენა ასობით საქართველოს მოქალაქის სამუშაო ადგილი და ათასობით ქართველი მევენახის შემოსავალი. მათ დარტყმა მიაყენეს საქართველოს ყველაზე კეთილშობილ აგრარულ დარგს – მეღვინეობას, რომელიც ქვეყნისთვის ექსპორტისა და საგადასახადო შემოსავლის წყაროა.

ამას მოჰყვა ის, რომ სხვა ქართულმა ბანკებმაც, სადაც მე და ჩემს ოჯახს ანგარიშები გვქონდა, შეზღუდეს ჩვენი საბანკო მომსახურება” – წერს ვასაძე.

ამასთან, მისი მტკიცებით, “არც ქართველი პოლიტიკოსი ვარ, არც მედიამაგნატი და არასოდეს გამივრცელებია არავითარი “პრორუსული დეზინფორმაცია“. ვასაძის შეფასებით, “ან ბრიტანეთის მთავრობა მიზანმიმართულად შეიყვანეს შეცდომაში იმ არასამთავრობოებმა, რომლებიც ჯორჯ სოროსისა და USAID-ის მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსებით მოქმედებენ, ან ეს მცდარი ბრალდებები უბრალოდ გამოყენებულია სხვა, ჩემთვის უცნობი მიზეზით ჩემი დევნის გასამართლებლად”.

ლევან ვასაძე ასევე წერს, რომ იძულებულია, “სამართლებრივი დაცვის პროცედურები” დაიწყოს როგორც საქართველოში, ასევე დიდ ბრიტანეთში. – მათი შედეგის მიუხედავად.

“თუ, სამწუხაროდ, ბრიტანეთის მთავრობა კვლავაც განაგრძობს ტრადიციული ქართული საზოგადოების აღქმას, როგორც დამღუპველი ლიბერალურ-გლობალისტური დღის წესრიგის დაუმორჩილებელ მსახურებად, მე ამ სანქციებს, მათი საბოლოო გაუქმებამდე, ვატარებ საპატიო ნიშანივით” – წერს ვასაძე

გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის წინააღმდეგ ს ომის მხარდაჭერის გამო ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე 19 სექტემბერს დაასანქცირა.

წყარო