მედია: კონსტიტუციის რღვევის უახლესი ქრონიკა

პარტიების აკრძალვის მექანიზმი

2025 წლის 16 ოქტომბერს „ქართული ოცნება“-ის მიერ სრულად კონტროლირებულმა, ფაქტობრივად ერთპარტიულმა პარლამენტმა, დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და ამ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის პოლიტიკური უფლებების განუსაზღვრელი ვადით ჩამორთმევას. მიღების სიჩქარე, განხილვის ფორმალური ხასიათი და შინაარსობრივი სიღრმის აშკარა დეფიციტი უკვე თავად აჩენს კონსტიტუციურობის სერიოზულ კითხვებს.

აღნიშნული ცვლილებები არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც პოლიტიკურ პლურალიზმს, გაერთიანების თავისუფლებასა და თანასწორ პოლიტიკურ მონაწილეობას იცავს. მათი მიზანი, შინაარსიდან გამომდინარე, არ არის დემოკრატიული წესრიგის გაძლიერება ან რეალური საფრთხეების პრევენცია. პირიქით, კანონპროექტი ქმნის სამართლებრივ მექანიზმს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება პოლიტიკური კონკურენტების სისტემური გამორიცხვა საჯარო სივრციდან.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით გასული წლის 31 ოქტომბერს მიმართა. ხელისუფლებაში მყოფი პარტია ითხოვს აიკრძალოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი პარტიიდან სამი: „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“.

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, ეს პარტიები პოლიტიკურ პროცესებში „არაკონსტიტუციურ ქმედებებში, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში“ იყვნენ ჩართული და „წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩინდებოდნენ“.

შეკრების თავისუფლება როგორც ადმინისტრაციული ნებართვა

(„ტროტუარების საქმე“)

„ქართული ოცნების“ ერთპარტიულმა პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლებიც პრაქტიკულად აუქმებს შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ არსს და მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის რეჟიმში აქცევს.

მიღებული კანონის თანახმად, თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები არ დაეთანხმებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მათთვის „შეთავაზებულ“ ადგილს ან სვლაგეზს და აქციას თავად შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ, მონაწილეებს 15 დღემდე, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ, განმეორებით შემთხვევაში კი, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ცნობისთვის, კანონით ასევე დადგინდა, რომ აქციის ჩატარება წინასწარი ნებართვის გარეშე შეუძლებელი ხდება, ხოლო აღნიშნული ნებართვა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაცემაზეა დამოკიდებული.

მოსამართლეთა პროფესიული სივრცე კონსტიტუციური კრიზისის პირობებში

ამ, მართლაც უმძიმესი და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აშკარად შემლახველი გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენმა რედაქციამ მიზანმიმართულად მიიღო გადაწყვეტილება, მივმართოთ მოქმედ მოსამართლეებს. არა კონკრეტული საქმის, არა პერსონალური პასუხისმგებლობის და მით უმეტეს არა პოლიტიკური ლოიალობის მოთხოვნით, არამედ ერთი მარტივი, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანი კითხვით: არსებობს თუ არა სივრცე პროფესიული სინდისისთვის მაშინ, როდესაც კანონი თავად არღვევს კონსტიტუციას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რედაქციის მიმართვა არ გულისხმობს მოსამართლეებისგან მიმდინარე საქმეებზე კომენტარს, არც გადაწყვეტილებების წინასწარ შეფასებას და არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. საქართველოს კანონმდებლობა მოსამართლეებს მართლაც უზღუდავს კონკრეტულ სამართალწარმოებებზე საჯარო კომენტარს. თუმცა ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ზოგად, აკადემიურ და კონსტიტუციურ მსჯელობაზე, რომელიც არ ეხება კონკრეტულ საქმეს, მხარეს ან შედეგს.

მოსამართლეს აქვს სრული უფლება, კანონის დარღვევის გარეშე, ისაუბროს ზოგად პრინციპებზე: შეკრების თავისუფლების მნიშვნელობაზე დემოკრატიულ საზოგადოებაში, კონსტიტუციის უზენაესობაზე ჩვეულებრივ კანონებთან მიმართებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებზე ან იმაზე, თუ რა როლს ასრულებს დამოუკიდებელი სასამართლო ავტორიტარული გადახრების პირობებში. ეს არ არის პოლიტიკური აქტივიზმი. ეს არის იურიდიული პროფესიის საფუძველი.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსამართლეს შეუძლია თქვას, რას ნიშნავს კონსტიტუციური სახელმწიფო, ისე რომ არ თქვას, როგორ გადაწყვეტდა კონკრეტულ საქმეს. შეუძლია ილაპარაკოს უფლებებზე, ისე რომ არ ახსენოს ხელისუფლება.

როდესაც ასეთ, ნეიტრალურ და ზოგად კითხვებზეც კი დგება სიჩუმე, ეს უკვე ინდივიდუალური თავშეკავება აღარ არის. ეს სისტემური სიგნალია. სიგნალი იმისა, რომ სასამართლო არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ მენტალურადაცაა ჩაკეტილი იმ სივრცეში, სადაც კანონზე საუბარიც კი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც რისკი.

Tiflis24 კითხულობს — სასამართლო დუმს

ამ საკითხზე მუშაობისას ჩვენ რამდენიმე მოქმედ მოსამართლეს დავუკავშირდით, რათა გაგვერკვია, შეუძლიათ თუ არა მათ კონსტიტუციის აშკარა დარღვევებზე ზოგადი პოზიციის დაფიქსირება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძემ ინტერვიუზე უარი თქვა და საუბარი ტელეფონის გათიშვით დაასრულა. ეს ქცევა დამატებით ახსნას არ საჭიროებს. ამ შემთხვევაში დუმილი ნეიტრალიტეტი კი არა, თავის დაცვაა — როდესაც პასუხი რისკად აღიქმება, ხოლო კითხვაზე პასუხის გაცემა არასასურველ პასუხისმგებლობად.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მოსამართლე თამარ ხაჟომიას, რომელმაც კომუნიკაცია ფორმალურად კორექტულ ჩარჩოში შეინარჩუნა, თუმცა თავი შეიკავა ყოველგვარი შეფასებისა და პროფესიული განმარტებისგან. კონსტიტუციის უხეში დარღვევების, შეკრების თავისუფლების შეზღუდვისა და სასამართლოს როლის შესახებ დასმული კითხვები პასუხის გარეშე დარჩა. თავაზიანი სიჩუმე, ამ შემთხვევაში, შინაარსობრივ სიცარიელედ იქცა და ეს სიცარიელე დღევანდელ ქართულ მართლმსაჯულებაში უკვე ნაცნობ სამარკო ნიშნად ჩამოყალიბდა.

იმის გათვალისწინებით, რომ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შინაარსობრივად დემოკრატიული წესრიგის შეზღუდვას კი არა, მის სისტემურ გაუქმებას უახლოვდება და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს უშუალოდ განსაზღვრავს, ჩვენ კითხვით მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს გიორგი კვერენჩხილაძეს.

„ნუ გაუბერე“ როგორც სისტემის ენა

ბატონ კვერენჩხილაძესთან კომუნიკაცია ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად წარიმართა. მან ჩვენს ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. როდესაც ჟურნალისტმა ანტიკონსტიტუციურ კანონებთან დაკავშირებით ზოგადი და არაკონკრეტული კითხვა დასვა, პასუხი იყო მოკლე და მკვეთრი: „ნუ გაუბერე“. ამავე კონტექსტში მან ჟურნალისტის პროფესიონალიზმიც ეჭვქვეშ დააყენა.

ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტონით, არამედ შინაარსით. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კრიტიკულ კითხვას „გადაჭარბებად“ ან „ხმაურად“ აფასებს, ეს უკვე ინდივიდუალური ემოციური რეაქცია აღარ არის. ეს არის სისტემური ენა. ენა, რომელშიც კითხვა აღიქმება როგორც დისჰარმონია, ხოლო განმარტების მოთხოვნა როგორც წესრიგის დარღვევა.

ბატონი კვერენჩხილაძე აშკარად აცნობიერებს, თუ რაზე უწევს ხელის მოწერა და რა შედეგებს იწვევს ეს ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ რეალობაში. სწორედ ამ გაცნობიერების ფონზე კრიტიკა აღარ რჩება აბსტრაქტულ დისკუსიად, არამედ ის პირად პასუხისმგებლობასაც ეხება.

კაფკას პროცესი როგორც ყოველდღიური პრაქტიკა

ამ პასუხმა და მთლიანად სასამართლოს დღევანდელმა მდგომარეობამ უნებლიედ გაგვახსენა კაფკას „პროცესი“, არა როგორც ლიტერატურული მეტაფორა, არამედ როგორც ყოველდღიური ინსტიტუციური რეალობა, სადაც პროცედურა ყოველთვის მართალია და კითხვა ყოველთვის ზედმეტია.

სწორედ ასეთ პირობებში იბადება ის, რასაც შეიძლება ვუწოდოთ „კოლექტიური კვერენჩხილაძე“ — არა ერთი კონკრეტული მოსამართლე, არამედ ტიპაჟი. ფუნქციონერი, რომელიც ინდივიდუალურ აზრს აღარ გამოხატავს, მაგრამ სისტემის ლოგიკას ზუსტად ასრულებს. მისი განსხვავებული ხმა შეიძლება ჩაიწეროს, მაგრამ შედეგს არასდროს ცვლის; მისი კრიტიკა დასაშვებია მხოლოდ იქამდე, ვიდრე ის გადაწყვეტილებად არ იქცევა.

კაფკასთან სასამართლო უსახოა. თანამედროვე ქართულ რეალობაში კი მას სახეები აქვს, მაგრამ ფუნქცია იგივე რჩება: პასუხისმგებლობა იფანტება, გადაწყვეტილება ყოველთვის „სისტემისაა“, ხოლო კონკრეტული ადამიანი მხოლოდ ხელმომწერები არიან. ასე იქცევა მოსამართლე არა დამოუკიდებელ არბიტრად, არამედ კოლექტიური მექანიზმის ნაწილად — კოლექტიურ კვერენჩხილაძედ.

როცა წინააღმდეგობა არჩევანია

უდო გემბალას შემთხვევა ერთ მარტივ, მაგრამ უხერხულ ჭეშმარიტებას გვახსენებს: ავტორიტარულ სისტემაშიც კი არჩევანი არსებობს, უბრალოდ ის ხშირად ძვირად ფასობს. 1950-იან წლებში გემბალა ტეტეროვის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა. მმართველმა პარტიამ (SED) მიიჩნია, რომ მან რამდენიმე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით „საკმარისად“ არ წარმოაჩინა თავი პარტიის წინაშე. ამის შემდეგ იგი მოსამართლის თანამდებობიდან დროებით ჩამოაშორეს, წინასწარ პატიმრობაშიც მოათავსეს, ხოლო 1958 წლის ნოემბერში სასამართლომ „სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი აგიტაციის“ ბრალდებით ერთწლინახევარი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის დასაბუთება პირდაპირ პოლიტიკურ ენაზე იწერებოდა: გემბალას „კაპიტალისტური წესრიგის პროპაგანდისტად“ და „სოციალისტური განვითარების მოწინააღმდეგედ“ წარმოაჩენდნენ;

ამ ისტორიაში მთავარი არ არის მხოლოდ ფაქტები, არამედ ლოგიკა: სისტემა განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს მაშინ, როცა მოსამართლე არ კმაყოფილდება ფორმალური როლით და პროფესიულ პასუხისმგებლობას რეალურად ასრულებს. სწორედ ამიტომ, პარალელი დღევანდელ რეალობასთან მარტივია. როცა მოსამართლე ხედავს, რომ ნორმა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არჩევანი ხშირად ორია: დუმილი და ფორმალური თანხმობა, ან პროფესიული წინააღმდეგობა იმ კანონიერ ფორმებში, რაც ჯერ კიდევ შესაძლებელია.

კვერენჩხილაძის შემთხვევაში, უკვე დაფიქსირებული განსხვავებული პოზიციები მიუთითებს, რომ თავისუფალი პოზიციის გამოხატვის რაღაც ელემენტი არსებობს, მაგრამ სანამ ეს ხმა უსაფრთხო ჩანაწერიდან რეალურ ქმედებად არ იქცევა, სისტემა ყოველთვის შესთავაზებს ყველაზე კომფორტულ ვარიანტს: „თქვი შენი აზრი, მაგრამ ბოლოს ხელი მაინც მოაწერე“. გემბალას მაგალითი სწორედ ამ ზღვარს გვახსენებს: წინააღმდეგობა მნიშვნელობას მხოლოდ მაშინ იძენს, როცა ის ტექსტზე მეტი ხდება და როცა მას, საკუთარი კომფორტის დაკარგვის რეალური რისკიც ახლავს.

წყარო