მედია: კობახიძისთვის დახურული პოლიციელების აუზი?! – რას შეეწირა პოლიციის აკადემიის რექტორის პოსტი? (ვიდეო)

რატომ გაათავისუფლა გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების” მოქმედი განათლების მინისტრი  – პოლიციის აკადემიის რექტორობიდან.  “შაბათის ეთერისთვის” ცნობილი ხდება, რომ გივი მიქანაძის პოსტიდან მოხსნას, წინ დიდი სკანდალი უძღოდა.

გახარიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ რექტორი პოლიციელებისთვის განკუთვნილ სივრცეს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკურ ელიტას უთმობდა.საუბარია, პოლიციის აკადემიის შიდა ეზოში არსებულ აუზზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, განსატვირთად “ქართული ოცნების” წევრები დადიოდნენ.

“ტვ პირველის” გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ეს ამბავი 2018 წელს მოხდა. ექსპრემიერის პარტიის ლიდერების მონაყოლის მიხედვით, ტერიტორია, რომელიც დახურული ტიპის  ობიექტად ითვლება და სადაც მკაცრი შეზღუდვები და კონტროლია დაწესებული გივი მიქანაძე VIP სტუმრებს უშვებდა, ამის გამო კი სპეციალურად პოლიციელებისთვის შექმნილი სივრცე პოლიციელების ხელმისაწვდომი აღარ იყო.

რექტორის თანამდებობას მიქანაძე ორი წელი იკავებდა. გახარიას თანაგუნდელების მონაყოლით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის აუზის მომხმარებელთა სიაში იყო პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

თავად მიქანაძე გახარიას მონაყოლს მისი აკადემიიდან “გაგდებასთან” დაკავშირებით ჭორს უწოდებს.  მისი თქმით, აკადემიაში კობახიძე ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა არა საცურაოდ, არამედ ლექცია წაიკითხა.

გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ პოსტიდან აუზის სკანდალის გამო გათავისუფლებული მიქანაძე პარლამენტში სამუშაოდ კობახიძემ გადაიყვანა, რადგან პოლიციის აკადემიის რექტორის თანამდებობა  პოლიციელების განკუთვნილი აუზის  კობახიძისთვის დაკეტვას შეეწირა.

გივი მიქანაძეს მხოლოდ აუზის სკანდალს არ ახსენებენ – ოპონენტები მის ნაციონალურ წარსულზეც საუბრობენ. ოპოზიციის თქმით, კაცი, რომელსაც კობახიძემ განათლების სისტემა ჩააბარა, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და წლები, ციხეებს კურირებდა.