ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებით ატეხილი კრიტიკა უსაფუძვლოა და ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად შექმნილ აჟიოტაჟს წარმოადგენს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, “ოცნების” გადაწყვეტილებები ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ხოლო საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებები შიდა პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია და არ ასახავს რეალურ სურათს.
არ ვიცი, დავოსის შეხვედრასთან დაკავშირებით, ვნახოთ, როგორ იქნება, როგორ აეწყობა სიტუცია. ისტერიკაა ჩვენი ე.წ. ოპონენტების რიგებში, რომ რაღაც პოზიტიური ხდება, კარგი რეიტინგები ქვეყნდება, საინვესტიციო გარემო საქართველოში შესანიშნავად არის შეფასებული. ისტერიკა დაემართათ და გამოაგზავნიან თავის ჟურნალისტებს და ეს ჟურნალისტები მუდმივად იმაზე, რომ აი, იქ რატომ არ წავიდა… ლუქსემბურგში რატომ არ წავიდა?, “ტრამპიც იქ იქნება” ისე ამბობს, გეგონება ტრამპი ის იყოს, ვიღაც…, – ამბობს ვოლსკი.
დავოსის ფორუმთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ხუმრობით პასუხობს ირაკლი ქადაგიშვილი.
ორი მიზეზია: ერთი, რომ მშვიდობის დამყარება გვინდა და ომის დამთავრება და მეორე, გრენლანდიის შეერთებას არ ვემხრობით, – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება.
ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კობახიძე დავოსის ფორუმზე წელსაც არ მიუწვევიათ.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) 56-ე ყოველწლიური შეხვედრა დავოსში წელს, 19-23 იანვარს გაიმართება და მთელი მსოფლიოდან მთავრობების, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წამყვან ლიდერებს გააერთიანებს. წლევანდელი შეხვედრის თემაა “დიალოგის სული” (A Spirit of Dialogue).




