მედია: კობახიძემ მოიტყუა – ოპოზიცია

ოპოზიცია ირაკლი კობახიძის განცხადებებს საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით სიცრუედ და პროპაგანდად აფასებს. “ოცნების” ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მაშინ, როცა “ოცნების” პრემიერი საერთაშორისო ტრიბუნებზე ქვეყნის ევროინტეგრაციაზე საუბრობს, რეალურად საქართველოში ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული პოლიტიკა ტარდება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

თუ ჩავუღრმავდებით რა თქვა კობახიძემ, არის სრული ტყუილი. ნებისმიერი რეფორმა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გაატარა, არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკონსტიტუციური და ანტიევროპული დ აიმის ნაცვლად, რომ ის რეკომენდაციები შეესრულებინა, რაც ევროკავშირის წევრობისთვის იყო საჭირო, ყველა მიმართულებით, ყველა ასპექტში გაუარესდა მდგომარეობა. მათი ე.წ. რეფორმების კრიტიკა ასევე ჩაწერილია და ასახულია ევროკავშირის რეზოლუციებში, ევროსაბჭოს, ეუთოს რეზოლუციებში. რასაც ლაპარაკობს გარეთ არის სულ სხვა აუდიტორიისთვის გათვლილი და მათ შორის, ასევე თავისივე ამომრჩევლისთვის, პროპაგდანისტულად, რომ დააჯეროს და კიდევ ერთხელ მაღალი ტრიბუნიდან მოასმენინოს თავის ამომრჩეველს, რომ დიახ, ისინი ევროპულ რეფორმებს ატარებენ, – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი. 

ამ კონტექსტში „ქართული ოცნების“ ევროინტეგრაციის რიტორიკას მკაცრად აკრიტიკებს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე, რომელიც აცხადებს, რომ კობახიძის საერთაშორისო განცხადებები სრულ წინააღმდეგობაშია ივანიშვილის ხელისუფლების რეალურ პოლიტიკასთან.

წლებია უკვე საქართველო არ ასრულებს არცერთ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე როგორ შეასრულა თითქოს 12 პუნქტიანი გეგმა და ის ნაწილობრივ შესრულებული პუნქტებიც შემდეგ გააუარესა. გვახსოვს, სტატუსის მინიჭების შემდგომ 9 დათქმის შეუსრულებლობა და განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიღებული ანტიკონსტიტუციური დრაკონული კანონმდებლობა, თავისუფალი მედიის შეზღუდვა, არასამთავრობო სექტორის შეზღუდვა, ახლა პარტიების აკრძალვა, ის პოლიტიკური რეპრესიები, რომელიც აწარმოეს მათ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ნებისმიერ, თუნდაც საერთაშორისო ტრიბუნაზე წარმოთქმული კობახიძის სიტყვები ისეთივე ჩალის ფასის მატარებელია, როგორადაც მას აღიქვამს საზოგადოება, – ამბობს გიორგი სიორიძე.  

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კონსტიტუციურად განსაზღვრული პრიორიტეტია და ქვეყანა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს მიჰყვება. ამის შესახებ მან აბუ-დაბიში, მდგრადი განვითარების კვირეულის ფარგლებში გამართულ ლიდერთა დიალოგზე ისაუბრა, სადაც ევროპასა და აზიას შორის ენერგეტიკული კავშირის თემას განიხილავდნენ.