მედია: უკვე მე-6 წელია, ამბობს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ცენტრალური პარკი მოეწყობა“

თბილისის მერი, უკვე მე-6 წელია, ამბობს, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „ცენტრალური პარკი მოეწყობა“.
კალაძემ პირველად ეს განცხადება 2020 წლის ოქტომბერში გააკეთა და ხელი მოაწერა მუნიციპალიტეტისთვის ყოფილი იპოდრომის საჩუქრად გადაცემის დოკუმენტს.
დღეს, 2026 წლის 5 მარტს, ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, კალაძემ თქვა, რომ ყველა პროექტი, რასაც ფონდი „ქართუ” ახორციელებს, „აუცილებლად მივა ბოლომდე“.
💭 „ამჟამად, იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა.
პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი – ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.
რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ”, – თქვა კალაძემ.