მედია: კარგი, ცუდი და საშიში – რა შეცვალა უკრაინის ომის 1000-მა დღემ მსოფლიოში? ინტერვიუ აშშ-ის ვიცე-პოლკოვნიკ მატიშეკთან

„ეს უკვე ომი კი არა, რაღაც პოლიტიკურ-დიპლომატიური ჭიდილია, ამაში გავიხლართეთ, იმის ნაცვლად, რომ ს სამხედრო დამარცხებას და მათი შესაძლებლობების ნეიტრალიზებას ვცდილობდეთ, რათა მომავალში მეზობელი ქვეყნების დაპყრობა აღარ მოუვიდეთ აზრად“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიცე-პოლკოვნიკი, -ის საზღვაო კოლეჯის პროფესორი ჯაჰარა „ფრენკი“ მატიშეკი. ვაჟა თავბერიძე ამერიკის შეიარაღებული ძალების მოქმედ ოფიცერს რუსეთ-უკრაინის ომის მეათასე დღეს ესაუბრა. ინტერვიუში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს გამოცდილი ვიცე-პოლკოვნიკის პირად შეხედულებებს და არ წარმოადგენს აშშ-ის ოფიციალურ პოზიციას.

რადიო თავისუფლება: 1000 დღე გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ში. დღეს სად ვართ უკრაინის ომში, რა რეალობას ვხედავთ?

“ფრენკი” მატიშეკი: ზოგიერთი მიმართულებით, მდგომარეობა გაუმჯობესდა, უფრო მეტი მიმართულებით კი – გაუარესდა. გაუმჯობესებულია ის, რომ ევროპაში მეტი მზაობაა უკრაინელი სამხედროების წვრთნასა და აღჭურვაზე. ამ მხრივ, განსაკუთრებით შთამბეჭდავია პოლონეთი, აი, შეერთებული შტატები კი ევროპას საგრძნობლად ჩამორჩება – მხოლოდ 20 000 უკრაინელი გადავამზადეთ. ასე რომ, გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს აშშ ყველაფერს აკეთებს უკრაინისთვის, რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება გაუარესებას – მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველის [doomsayer] ქუდს თუ მოვირგებ, სია დაახლოებით ასე გამოიყურება: შიში, თუ რას მოიმოქმედებს ტრამპის მომავალი ადმინისტრაცია უკრაინის ომთან დაკავშირებით; ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცების ომში ჩართვა. მთავარი კითხვა კი აქ პასუხგაუცემელი რჩება: ეს ერთჯერადი ინტერვენციაა? მხოლოდ 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცის შეზღუდული ჩართულობა? თუ ჭორები, რომ ჩრდილოეთი კორეა რუსეთს 100 000 ჯარისკაცამდე მიაწვდის, გამართლდება – ეს სერიოზული საფრთხეა. მთავარი ცუდი ამბავი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა ჯერ კიდევ მუშაობს, მიუხედავად შეფერხებებისა. ისინი კვლავ ახერხებენ მეტი ტერიტორიის დაპყრობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში. და აქაც რჩება დიდი, პასუხგაუცემელი კითხვა – რამდენად მოახერხა მოსკოვმა ამ ომში თავისი ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევა – უკრაინის მიმართ დასავლური პოლიტიკური თუ სამხედრო მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა?

რადიო თავისუფლება: ომის თეატრის მეტაფორა რომ მოვიშველიოთ, რომელ აქტს ვუყურებთ ახლა? და რამდენად შორს ვართ კვანძის გახსნისგან, „დიდი ფინალისგან“? (grand finale)

მატიშეკი: იცით, პუტინის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ ამ ყველაფერს, კრემლი მაქსიმალურად ეცდება ბაიდენის პრეზიდენტობის ამ ბოლო, ე.წ. კოჭლი იხვის პერიოდის (lame duck) გამოყენებას. ამიტომ კარგია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც იქნა, მწვანე შუქი აუნთო უკრაინისთვის ATACMS-ების გამოყენებას რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინელებმა უკვე გაისროლეს რამდენიმე ATACMS-ი რუსეთის მიმართულებით, ბრიანსკის ოლქში, და როგორც ჩანს, არცთუ უშედეგოდ. თუმცა ATACMS-ის მოქმედების მანძილი მხოლოდ 300 კილომეტრია…

რადიო თავისუფლება: ამაზე უნდა ჩაგეძიოთ – განა ფარისევლობა არაა, როდესაც მათ შორ მანძილზე მოქმედ იარაღად მოვიხსენიებთ? კლასიფიკაციის მიხედვით, ATACMS-ი ცალსახად მოკლე მანძილის რაკეტაა. „ტომაჰავკებზე“ ხომ არ ვსაუბრობთ, არა?

მატიშეკი: ქვეითი ჯარებისთვის ეს ნამდვილად შორ მანძილზე მოქმედი სისტემაა, მაგრამ აბსოლუტურად მართალი ხართ. არმიისთვის „შორი მანძილი“ სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე, ვთქვათ, ფლოტისთვის ან საჰაერო ძალებისთვის. მე თავად ვარ საჰაერო ძალების პილოტი, „შორი მანძილი“ ჩემთვის ნიშნავს, რომ პლანეტის ნებისმიერ წერტილს დავარტყამ, სადაც არ უნდა ვიყო. არმიისთვის კი 300 კილომეტრი უკვე შორია. ეს მოსკოვის მხრიდან „რეფლექსიური კონტროლის“ კლასიკური მაგალითია – ამერიკისგან ამაში ჩაყოლას კი მხოლოდ ანტისტრატეგიას თუ ვუწოდებდი – ანუ ის ნარატივი, რომლითაც ამერიკა თითქოს „კუთხეში მოიმწყვდიეს“, ლამის აიძულეს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და რუსეთის ტერიტორიაზე სიღრმისეულად დარტყმის უფლება გაეცა. კარგით რა – 300 კილომეტრზეა საუბარი, ამ მანძილს რამდენიმე საათში დაფარავ მანქანით. ერთდღიან ექსკურსიას „შორი მანძილის დარტყმებს“ რომ ვარქმევთ, იმას ნიშნავს, რომ შევყევით დისკუსიას, რომელიც კრემლმა მოგვახვია თავზე, და რომ თვითდამარცხების, თვითგვემისა და თვითშეზღუდვების მავნე სპირალში გავიხლართეთ…

რადიო თავისუფლება: კრემლისგან რა პასუხს უნდა ველოდოთ?

მატიშეკი: ამ ნარატივს, კრემლი, ცხადია, სათავისოდ იყენებს. რუსეთმა ახლახან გამოაქვეყნა განახლებული რუსული ბირთვული დოქტრინა. იქ ორი მთავარი რამ იყო თვალში მოსახვედრი: პირველი – ბელარუსზე ნებისმიერი კონვენციური თავდასხმა ამიერიდან რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლება. მეორე კი, რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, ეხმიანებოდა სწორედ ATACMS-ებზე მიღებულ გადაწყვეტილებას: „თუ თქვენ ხართ ქვეყანა, რომელიც რუსეთს თავს ესხმის და თქვენ გაქვთ ბირთვული ძალის მხარდაჭერა, – აქ, ცხადია, იგულისხმება აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, – „ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთს შეუძლია ამ ქვეყნებს ბირთვული იარაღით უპასუხოს“. ვფიქრობ, ეს სხვა არაფერია, თუ არა წითელი ხაზებით ბლეფის მორიგი მცდელობა მოსკოვიდან, რადგან დასავლეთი უკვე მესამე წელია, ბეჯითად აბიჯებს რუსეთის მიერ დაწესებულ ახალ-ახალ წითელ ხაზებს. ამჯერად ისინი ამბობენ: აჰა, დასავლეთო, გამოგიჭირეთ! ვეღარ შეგვეხებით, რადგან ჩვენ ახლა ხაზს ვავლებთ – ამ ომში თქვენი მონაწილეობა ავტომატურად გაქცევთ პოტენციური ბირთვული ომის გამჩაღებლად.

ვრცლად