რუსული პოლიტიკური სპექტრი აქტიურად ეხმაურება საქართველოში გამართულ არჩევნებს. მათი პოზიციები ძირითადად დასავლური გავლენების კრიტიკითა და საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების,“ მხარდაჭერით გამოირჩევა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს. მისი თქმით, ქართული პოლიტიკის სამომავლო კურსი მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის შიდა სტაბილურობისთვის.
“დასავლეთის გეგმა ოპოზიციის მხარდაჭერით საქართველოში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით ჩაიშალა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელმა ალექსეი პუშკოვმა.
სხვა ცნობილმა პუტინისტებმა, მათ შორის მარგარიტა სიმონიანმა, ლეონიდ სლუცკიმ და ალექსანდრე დუგინმა, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს არჩევანი მიუთითებს ეროვნულ დამოუკიდებლობასა და ტრადიციული ღირებულებების პატივისცემაზე, რაც მათი აზრით დასავლეთის გავლენის მიმართ წინააღმდეგობის ნაწილია.
კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი წერს, რომ საქართველო მისი მეორე სამშობლოა და “ქართული ოცნების“ გამარჯვება მართლმადიდებლური ტრადიციების გამარჯვებაა.
“ქართულ პოლიტიკაზე იშვიათად ვწერ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ჩემს მეორე სამშობლოში პოლიტიკის შესახებ ცნობილი ადამიანების ნებისმიერი საჯარო განცხადება გავლენას ახდენს მიმდინარე პროცესებზე. და, რადგან მე ამ პროცესებში პოლიტიკოსის რანგში არ ვმონაწილეობ, ჩვეულებრივ, ვჩუმდები.
მაგრამ დღეს მართლაც შეუძლებელი მოხდა. დღეს საქართველომ აჩვენა, რომ ათწლეულების განმავლობაში ზომბირებამ არ გაამართლა. ქვეყნის კულტურულ კოდი და მრავალსაუკუნოვანი ღირებულებები არ შეიძლება უბრალოდ ასე გაქრეს, ჯადოსნური ჯოხის მუქარით. “ქართული ოცნების“ გამარჯვება მართლმადიდებლური ტრადიციებისა და უძველესი ქართული კულტურის გამარჯვებაა იმ დასავლური, სრულიად უცხო კოლონიალური სუროგატის წინააღმდეგ, რომლითაც ქართველი ხალხის გამოკვებას ამდენ ხანს ცდილობდნენ.
გულწრფელად ვულოცავ “ქართულ ოცნებას“ დამსახურებულ შესანიშნავ შედეგს. საქართველოს გაუმარჯოს! ეს დიდი გამარჯვებაა!”
ვლადიმირ პუტინის კიდევ ერთმა პროპაგანდისტმა და კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა იდეოლოგმა ალექსანდრე დუგინმა ამჯერად ემიგრანტ ქართველ ამომრჩევლებს, რომლებმაც ხმა ოპოზიციას მისცეს, მოღალატეები უწოდა.
“თუ ქართველი ხარ, ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოს. და თუ არ ხარ საქართველოში და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ? შენ მოღალატე ხარ. ჩემი ნება რომ იყოს, უცხოეთის ხმებიდან მხოლოდ 13% ჩავუთვლიდი ქართულ ოცნებას და სხვა ხმებს საერთოდ არ გავაბათილებდი.
ხმის მიცემას ცოდნა უნდა. ასევე უნდა იყო იმის ღირსი, რომ ხმა მისცე. მაგალითისთვის, რუსეთში (და ახლა უკვე საქართველოშიც) აკრძალული LGBT-ს მხარდამჭერია, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ის გადაგვარებული, გარყვნილი და დებილია. არ შეიძლება ასეთ ასოციალურ ადამიანს ანდო საპასუხისმგებლო საქმე.
თავდაპირველად ამომრჩეველმა უნდა გაიაროს ფეისკონტროლი, OSINT – ის (ღია წყაროების დაზვერვა) პროცედურა და მხოლოდ შემდეგ უნდა მისცეს ხმა, ისიც მხოლოდ “ქართულ ოცნებას” ან რამე უკეთესს, პროქართულსა და საფუძვლიანს”.
ცნობილი რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი “ტელეგრამში” გამოეხმაურება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს:
“ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“
რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე, ფსევდო ოპოზიციონერი, ვლადიმირ ჟირინოვსკის პარტიის ლიდერი ლენიდ სლუცკი წერს:
“კოლექტიური დასავლეთი დიდი ხანია ოცნებობს “უკრაინულ სცენარზე” საქართველოში. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკვე ყვირის რუსეთის ჩარევაზე და ვითომ ფალსიფიკაციაზე. ევროკავშირი იმუქრება რომ მორიგ სამიტზე “საქართველოს საკითხს” განიხილავს. მაგრამ, ბატონებო, რუსეთი კი არ ერევა, არამედ ვაშინგტონი და ბრიუსელი ვერაფრით შეეგუა იმას, რომ სულ უფრო მეტი სახელმწიფო სუვერენული განვითარების საკუთარ გზას ირჩევს და მათ ვასალობაზე უარს აცხადებს.
ქართველები უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ. ხმა არა პრორუსულ, როგორც ამას მედასავლეთეები და მათი მარიონეტები ცდილობენ წარმოადგინონ, არამედ ეროვნული ინტერესების დაცვისა და დამოუკიდებლობის კურსს მისცეს”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ამჯერად სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
“კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რით არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი? საქართველო, შევახსენებ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე ძველია.
თქვენს ბიძაშვილსაც კი, ფრანგ ინტელექტუალსა და პოლიტიკოსს ელენ კარერ დ’ანკოსს ევროკავშირზე გული აუცრუვდა”.
სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების არაღიარებას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი.
“ეს ქართველი პოლიტიკოსი პირველად 2005 წლის აგვისტოში, ყაზანის 1000 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გავიცანი. მაშინ ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ნათელი და ემოციურად დამუხტული, ზურაბიშვილი ყველას ყურადღების ცენტრში მოექცა და ბევრს დაამახსოვრდა.
წლები გავიდა. დღეს, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების წაკითხვისას, ვიხსენებ წინა წლების შთაბეჭდილებას და ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართულებისა და განვითარების ალგორითმის საკვანძო საკითხზე მისი პოზიციის ანგაჟირებულობაზე მეფიქრება.
საპარლამენტო არჩევნები მმართველი ქართული ოცნების გამარჯვებით დასრულდა. ამასთანავე საგრძნობის ოპოზიციის გავლენაც. ახლა პოლიტიკოსების ქმედებებზეა დამოკიდებული დაადგება საქართველო ქვეყნის შიგნით ურთიერთპატივისცემის გზას, თუ გადაუხვევს უკვე ნაცნობი ქუჩის შეტაკებების მორევისკენ”.