მედია: ისრაელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, როგორ უპასუხებს ირანის თავდასხმას

ს სამხედრო კაბინეტი რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდა, როგორ უნდა უპასუხოს ისრაელის სახელმწიფომ ირანის შეტევას. ადგილობრივი და დასავლეთის მედიასაშუალებების ცნობით, 14 აპრილს, ღამით დასრულებულ სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
CNN-ის ინფორმაციით, ისრაელის ხელისუფლება ირანისთვის პასუხის გაცემას აპირებს, თუმცა, მასშტაბი და ვადები ჯერ არ განუსაზღვრავს. ამერიკული ტელეკომპანიის წყაროს ცნობით, სამხედროებს დაევალა დამატებითი ვარიანტების შემუშავება. ისრაელის მედიასაშუალებების ინფორმაციით, სამხედრო კაბინეტი მომდევნო სხდომას უახლოეს ხანში გამართავს.
ამერიკელი ოფიციალური პირების თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ს მოუწოდა, საპასუხო ზომები დეტალურად გაიაზრონ და გააფრთხილა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ირანზე საპასუხო დარტყმაში.
14 აპრილს, ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა. ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ირანი უნდა შეაჩერონ, სანამ მსოფლიოს არ მიიყვანს რეგიონული მასშტაბის ომამდე, რომლიც შესაძლოა, მსოფლიო ომში გადაიზარდოს. ერდანმა საბჭოს მოუწოდა, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანოს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კოპრუსი.
ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ამირ საიდ ირავანიმ განაცხადა, რომ თეირანის მიზანი არ არის ესკალაცია და ომი, მხოლოდ თავდაცვის უფლებას იყენებენ და მზად არიან ნებისმიერ მუქარას, ან აგრესიას უპასუხონ.
13-14 აპრილს, ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. ისრაელის არმიის ინფორმაციით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს ირანული დრონების და რაკეტების ჩამოგდებაში აშშ დაეხმარა.
ირანი ისრაელზე თავდასხმას უწოდებს საპასუხო რეაქციას სირიის დედაქალაქში ირანის საკონსულოს დაბომბვაზე. 1 აპრილს, ირანმა ისრაელი დაადანაშაულა დამასკში ირანის საკონსულოზე ავიადარტყმაში, რომლის შედეგად დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორი მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი.

ასევე დაგაინტერესებთ