ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ახლახან “გაანადგურეს ირანული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების [სამსახურის] შტაბ-ბინა, რაც ირანელი დიქტატორისთვის [ხალხის] ჩაგვრის მთავარი ინსტრუმენტია”.
“როგორც დაგპირდით, გავაგრძელებთ [ირანის] მმართველობის სიმბოლოების მიზანში ამოღებასა და აიათოლას რეჟიმზე დარტყმების მიყენებას, სადაც არ უნდა იყოს ეს,” დაამატა მან.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით ასევე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში “თეირანს ტორნადომ გადაუარა”.
“მაუწყებლობიდან დაწყებული სამთავრობო სიმბოლოები იბომბება და ნადგურდება და მალე სხვა ობიექტებსაც იგივე ელით, მაცხოვრებლები გარბიან. ასე ინგრევა დიქტატურები.” – თქვა მან.
ამასთანავე, 17 ივნისს ისრაელ კაცმა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, მან ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.
“ირანის დიქტატორს ვაფრთხილებ ომის დანაშაულების გაგრძელებასთან და ისრაელის მოქალაქეებისადმი რაკეტების გაშვებასთან დაკავშირებით. კარგი იქნება ახსოვდეს ირანის მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ბედი, რომელმაც ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ იგივე გზა აირჩია.” – თქვა კაცმა.