მედია: ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკს ყიდის, მას ბაზისბანკი ყიდულობს

ბიზნესმენი, სამთავრობო ტელეკომპანია იმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე ლიბერთი ბანკს ყიდის.

ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს და წერს, რომ დაახლოებით ორი თვის წინ, ირაკლი რუხაძემ მათ დაუდასტურა ლიბერთი ბანკის გაყიდვის სურვილი და უთხრა, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდა როგორც ბაზისბანკთან, ისე სხვა ბიზნეს-ჯგუფებთან.

Bm.ge წერს, რომ ლიბერთი ბანკს ბაზისბანკი ყიდულობს და წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მათ შორის გარიგება, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში დასრულდება.

ფორმულას ბაზისბანკში დაუდასტურეს, რომ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნეს, რომ “მეტი კონკრეტიკა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია – ჯერჯერობით არ არის. მიმდინარეობს შესწავლის პროცესი”.

ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე გარიგება ვერ შესრულდება – რადიო თავისუფლებას ეროვნული ბანკის პრესსამსახურში კი უთხრეს, რომ ამ საკითხზე “მიმდინარე ეტაპზე საქმის წარმოება არ მიმდინარეობს”.

ლიბერთი ბანკი უკვე მრავალი წელია საქართველოში რიგით მესამე უმსხვილესი ბანკია. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5.45 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო მისი საკრედიტო პორტფელი 3.9 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წლის 4 თვეში 40 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

ბაზისბანკი კი ჩინური ჰუალინგ ჯგუფის საკუთრებაშია. ის აქტივების ზომით, საქართველოში რიგით მეოთხე ბანკია – 4 მილიარდი ლარით. მისი საკრედიტო პორტფელი 3 მილიარდს შეადგენს. ბანკს 2025 წლის 4 თვეში 31 მილიონი ლარის მოგება ჰქონდა.

Bm.ge წერს, რომ გარიგების შემთხვევაში, ჩამოყალიბებული ბანკის აქტივების ზომა იქნება 9 მილიარდი ლარი, ხოლო საკრედიტო პორტფელი კი თითქმის – 7 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლით, ის აქტივებით და კრედიტების ზომით საბანკო სისტემის 10%-ს დაიკავებს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ