ბრიტანულმა მედია-გამოცემა BBC-მ, დღეს, 1-ელ დეკემბერს, გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვითაც საქართველოში, პროევროპული აქციის მონაწილეების შეასხეს “კამიტე” – ნივთიერება, რომელიც ბოლოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენეს. საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დაწყებულ უწყვეტ აქციებზე, რომლის პირველ დღეებში სპეცრაზმმა სასტიკად დაარბია დემონსტრანტები.
BBC-ის გამოძიება ეყრდნობა, მათ შორის, ქართველი ექიმების კვლევას, რომლებმაც შეისწავლეს დარბევისას გამოყენებული ნივთიერებების ეფექტი მოქალაქეებზე. კვლევა გამოქვეყნებულია სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალში “ტოქსიკოლოგიური მოხსენებები”.
კვლევის შედეგების მიხედვით, მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპული აქციების დასაწყისში დარბევების ეპიცენტრში მოხვდნენ, თვეების შემდეგაც აღენიშნებოდათ ცვლილებები ფილტვებში.
თავდაპირველად, ექიმთა ჯგუფმა შეადგინა კითხვარი, რომელიც აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებულმა 347-მა ადამიანმა შეავსო. ამ კითხვარში მათ აღწერეს სიმპტომები, რომლებიც აღენიშნებოდათ უშუალოდ ნივთიერებასთან შეხების დროს და მომდევნო კვირების განმავლობაში. ასევე, 30 დღის შემდგომ პერიოდში. მათგან 69-ს ჩაუტარეს ანალიზები და შეუმოწმეს სხვადასხვა მონაცემები. ამ მონაცემებს ისინი ადარებდნენ ე.წ. საკონტროლო ჯგუფის მონაცემებს. ეს არის 31 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც აქციებში არ მონაწილეობდნენ, არ ცხოვრობენ პარლამენტის მიმდებარედ და დარბევების დროს და შემდგომ პერიოდში არ ყოფილან მიმდებარე ტერიტორიაზე. მარტივად, მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ იმ ნივთიერებასთან, რომელიც გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს.
ნეტგაზეთი ესაუბრა კვლევის ერთ-ერთ ავტორს, პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს.
- ბატონო კონსტანტინე, დავიწყოთ იმით, თუ როდის და რატომ გადაწყვიტეთ აღნიშნული კვლევის ჩატარება.
ჩვენს ირგვლივ ბევრ ადამიანს ჰქონდა კონკრეტული სიმპტომები [ხველა, სუნთქვის გაძნელება, სისხლდენა ცხვირიდან და ა.შ.]. საჯარო ინტერესიც იყო და პროფესიულიც იყო, რომ სამეცნიერო ასპექტები შეგვესწავლა… და დოკუმენტირებული ყოფილიყო. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს კვლევა. კიდევ იგეგმებოდა კვლევები, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ შევძელით და ყველაფერი ვერ შევისწავლეთ.
- რა სიმპტომები უფიქსირდებოდათ ყველაზე ხშირად კვლევის მონაწილეებს?
30 დღის შემდგომ რა სიმპტომები გაქვთ? – აი, ეგ კითხვა გვქონდა კვლევის მონაწილეებთან და ცხრილი გვაქვს გაკეთებული. პირველ ადგილზე იყო ხველა და დაღლილობა. კიდევ, ფსიქოლოგიური გაგრძელებაც ჰქონდა – პანიკური შეტევები, შფოთვა და ა.შ. მაგას აღნიშნავს კიდე 125 მონაწილე. ანუ სიმპტომების პირველ სამ ადგილზე არის: დაღლილობა, ხველა, შფოთვა.




