ირაკლი ზარქუა ამერიკის პრეზიდენტის საქმიანობითაა უკმაყოფილო. ივანიშვილის დეპუტატმა გულახდილად საუბარი მას შემდეგ მოინდომა, რაც ნახა რომ ივანიშვილის გარემოცვამ დონალდ ტრამპზე იერიშს მწვანე შუქი აუნთო. ოლიგარქის პირადმა ფილოსოფოსმა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ღიად შეუტია და ტრამპს “დიფ სთეითთან” ბრძოლის მეთოდები დაუწუნა, მას არ ჩამორჩა ირაკლი ზარქუაც.
ასე ღიად ივანიშვილის გარემოცვას დონალდ ტრამპისთვის ჯერ არ შეუტევია. მართული და ყალბი – ეს ორი შეფასება აქვს ამერიკის პრეზიდენტზე ივანიშვილის პირად ფილოსოფოსს. ამერიკამ და ევროპამ დიდი სპექტაკლი დადგეს თითქოს კონფლიქტში არიან, რეალურად კი ამ ყველაფერის უკან მათი საერთო ინტერესები დგას – წერს შათირიშვილი, ფიქრობს ივანიშვილი, ამიტომ “ქართული ოცნების” წევრებს ვკითხეთ როგორია მათი თვალით დანახული დონალდ ტრამპის მმართველობა.
არიან ისეთებიც, ვინც ამერიკის პრეზიდენტის პოლიტიკით უკმაყოფილოა, თუმცა საჯაროდ ასე ღიად ვერ ლაპარაკობენ. ახალი პოლიტიკური კვირა ახალი და ტრადიციული ეპისტოლეთი დაიწყო, თუმცა ტრამპზე ასე ღია შეტევას “ოცნების” გუნდში ნაწილი არ მოელოდა.




