ივანიშვილის დაფუძნებული უნივერსიტეტიდან ასტროენათმეცნიერებისა და ასტროარქეოლოგიის პროგრამა ამოიღეს.
მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების სიაში აღარ იძებნება ასტროენათმეცნიერება და ასტროარქეოლოგიის შესახებ პროგრამა, რომელსაც მიმდინარე წელს 20 სტუდენტი უნდა მიეღო.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ამოღების გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა მიიღო.
ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ, ქუთაისის უნივერსიტეტში ასტროლინგვისტიკას და ასტროარქეოლოგიის პროგრამებზე „ნოდარ მელაძის შაბათმა“ სიუჟეტი მოამზადა.
როგორც სიუჟეტიდან გავიგეთ, დარგის ხელმძღვანელი მეცნიერი, ალიკო ცინცაძეა. მისი ინტერვიუს ფრაგმენტები ონლაინ მედიაში განხილვის მთავარ თემად იქცა. მაგალითად გამოცემა “ტაბულამ” მიაკვლია ინტერვიუს ნაწილს, სადაც ალიკო ცინცაძე ყვება, რომ “საიდუმლო ინფორმაციას დილის 4 საათიდან – 7 საათამდე შუალედში იღებს”.
ცნობილია, რომ ალიკო ცინცაძე “იბერიის ჰემატრიული მემკვიდრეობის” წევრია. უფრო კონკრეტულად, ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრში 2022 წელს დარეგისტრირდა, გამგეობა კი სამი წევრისგან შედგება: თავმჯდომარე – ნათელა სირაძეა, რიგითი წევრები კი ლია დვალი და ალიკო ცინცაძე არიან.
კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საზოგადოებამ აღნიშნული ორგანიზაციის დაარსებამდე გაიცნო ნათელა სირაძეა – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ, გადაცემა “პროფილში” იხილა. მაშინ ნათელა სირაძე ჟურნალისტებს “დედა ნათიად”, საერო სახელით ნინო სირაძით გაეცნო , რომელიც მამა ილირიონთან ერთად საგალობლებს ასრულებდა გორში, სტალინის მუზეუმის ეზოში. ნათია სირაძე ჯერ კიდევ ცხრა წლის წინ ლაპარაკობდა მასონებზე, რომლებმაც სტალინს თურმე ისტორია გაუყალბეს. სირაძე 1978 წლიდან ეკლესიიდან განკვეთილ კაცთან ერთად ქუჩა-ქუჩა დადიოდა სტალინის ხატით და ამტკიცებდა, რომ ბელადი წმინდანია. ქალბატონი ნათია, ახლა ბიძინა ივანიშვილის უნივერსიტეტის ახალი მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია.




