მედია: ივანიშვილზე დაჩქარებულად მორგებული ოფშორების კანონი: სანქციების შიში?

ქართული ოცნება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ რუსული კანონის პარალელურად პარლამენტში დაჩქარებულად განიხილავს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ივანიშვილის პარლამენტს სურს, რომ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი ვალდებულებებისგან გათავისუფლდეს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კანონის მიღების შემდეგ კომპანიას შეეძლება გათავისუფლდეს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნების (ოფშორული ზონების) იურისდიქციისგან და საქართველოში აქტივები (მათ შორის, წილები/აქციები) ყოველგვარი გადასახადის გარეშე გადმოიტანოს. ოპოზიციიური პოლიტიკური ჯგუფებისსა და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ კანონი პირდაპირ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მას სურს, სანქციებისგან დასაცავად ქონების ნაწილი საქართველოში დაუბრკოლებლად გადმოიტანოს.

რა წერია კანონის პროექტში

კანონის მიღების შემდეგ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს აქტივების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში:

  • კომპანია გათავისუფლდება მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
  • აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა გათავისუფლდება იმპორტის გადასახადისგან;
  • საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან 2030 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტს თან სდევს შენიშვნა, რომ ეს ნაწილი გამოიყენება, თუ შეღავათიანი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). ახალი რეგულაცია 2028 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს.

კანონპროექტის ინიციატორების მტკიცებით, რადგან საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირ შემთხვევაში ოფშორულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ ქვეყანაში შვილობილი საწარმოების მეშვეობით ხდება, არსებობს გადასახადებისგან თავის არიდების რისკი და ეს ხელს უშლის ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას.

“გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს”. – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ვრცლად