მედია: ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები სახელოვნებო უნივერსიტეტებთან ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობენ

„პუბლიკისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროები სახელოვნებო უნივერსიტეტებთან ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებთან დაკავშირებულ საკითხზე მუშაობენ.
სამუშაო პროცესში უნივერსიტეტებმა კულტურის სამინისტროდან მიიღეს სამუშაო ფაილი, რომელშიც თითოეული უნივერსიტეტის მიხედვით ჩასარიცხი სტუდენტების კვოტებია ჩამოთვლილი.
„პუბლიკას“ ეს ფაილი წყარომ მიაწოდა და მისი ნამდვილობის დასადასტურებლად სახელოვნებო უნივერსიტეტის რექტორებსა და კულტურის სამინისტროს დავუკავშირდით.
⭕ „ეს არის სამუშაო ფაილი, ნუ დაუძახებთ დოკუმენტს“, – გვითხრა სამხატვრო აკადემიის რექტორმა, ყარამან ქუთათელაძემ, როდესაც ჩვენს ხელთ არსებული ექსელის ფაილი ვაჩვენეთ და აზრი ვკითხეთ.
სამუშაო ფაილში ჩარიცხვებისა და კურსადამთავრებულთა ბოლო წლების საშუალო მონაცემები და ჩარიცხვის კვოტებზე გრაფებია აღნიშნული.
⭕ მაგალითად, სამხატვრო აკადემიის გასწვრივ გრაფაში წერია, რომ ჩარიცხვის კვოტა 82-ია; თეატრისა და კინოს ჩარიცხვის კვოტა – 92; კონსერვატორიისაც – 92;
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სახელოვნებო უნივერსიტეტებში ჩასარიცხი სტუდენტების კვოტის სწორედ ასე განსაზღვრას სთავაზობს სამინისტრო უნივერსიტეტებს – ამ შეკითხვის პასუხად ყარამან ქუთათელაძემ გვითხრა, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. მათ გადაუგზავნეს თავიანთი მოსაზრებები და ირაკლი კობახიძემ უკვე დაამშვიდა საზოგადოება, რომ „მისაღები კვოტები არ შემცირდება“.
ყარამან ქუთათელაძის თქმით, სამხატვრო აკადემია ყველა ფაკულტეტზე ყოველწლიურად 300-მდე სტუდენტს იღებს.
მისივე თქმით, მისთვის მთავარი სტუდენტების საუკეთესო ინტერესების დაცვაა; მეთოდოლოგიის შესახებ კითხვებზე პასუხებისთვის კი კულტურის სამინისტროსთან გადაგვამისამართა.
⭕ კონსერვატორიაშიც იგივე განგვიცხადეს, რომ კულტურის სამინისტროსთან სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და მეთოდოლოგიაზე კითხვებს ვერ უპასუხებენ.
⭕ ჩვენს კითხვებზე კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა მოგვწერა, რომ „ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჩვენ ვმუშაობთ დარგის სპეციალისტებთან ერთად და საქმიანობას ვახორციელებთ გამჭვირვალედ“. კონკრეტულ შეკითხვებზე კი პასუხი არ მიგვიღია.