მედია: დოის თეატრალური მანიფესტი – (რ)ევოლუცია – რეჟიმი უნდა დასრულდეს!

უკომპრომისო ქართული თეატრი თუ დოის უკომპრომისო ახალი თეატრი?! – ეს კითხვა ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა, როცა 11 იანვარს, 21:00 საათზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ, ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა, გაფიცულ მსახიობებთან და შეკრებილ მაყურებელთან ერთად ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა –  დავით დოიაშვილი: „მოვითხოვთ, ანდრო ჭიჭინაძის გამოშვებას არაუგვიანეს 20 იანვრამდე – ჩვენი მოთხოვნის არგათვალისწინების შემთხვევაში, პასიური პროტესტიდან გადავალთ მოქმედებაზე და ნახავთ, რეალურად რა ძალა აქვს ხელოვნებას!“.

რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას“ ყურადაც არ უღია, „ინტროსპექციის“, „მეფე ლირის“, „მე გადმოვცურავ ზღვას“ და ა.შ. დამდგმელი რეჟისორის ეს სიტყვები. მეტიც – ქილიკის თემად გაიხადეს და შინ თუ გარეთ, დახურულ თუ ღია შეხვედრებზე, ხან რა სახით, ხან კიდე რა ქმედებით, მათგან უფრო დიდ შეუვალობას აანონსებდნენ.

ჰოდა დოიაშვილი, რის დოიაშვილია, რომ პირობა შეუსრულებლად დაეტოვებინა და ვფიქრობ, რომ 21-ე საუკუნის ქართული თეატრის, ახალი თეატრის (დიდი ხანია, რაც  დოიაშვილს, მხოლოდ ამ სახელით – „ახალი თეატრი“  – ვასო აბაშიძის ახალი თეატრის მოხსენიება სურს და დღეს გამოუვიდა კიდეც)  ისტორიაში ახალი, უმნიშვნელოვანესი სიტყვა ითქვა. 23 იანვარი, 18:00 საათი –  ვასო აბაშიძის ახალი თეატრის ფეისბუქი იტყობინებოდა, რომ  მაყურებელს ელოდა, ღია სივრცეში, თეატრის წინ  „ახალი თეატრის“ მანიფესტზე -ეს ქვეყანა ჩემია“.

საშინელი საცობების, მარშებისა თუ აქციების მიუხედავად – რითაც საქართველოს მოსახლეობა, აგერ უკვე ორ თვეა მათთვის არალეგიტიმურ ხელისუფლებას – „ქართულ ოცნებას“ აპროტესტებს,  თეატრის წინ მაყურებლის მაინც დიდი რაოდენობა, შეიძლება ითქვას ისტორიაში პირველად, აქცია, პროტესტ-პერფორმანსისთვის შეიკრიბა.

რას აპირებდა დოი, ეს ყველასთვის უცნობი იყო, მათ შორის არტისტებისთვის, რომლებიც სცენაზე იდგნენ.

„მე გადმოვცურავ ზღვამ“, რომელიც ვასო აბაშიძის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია და მაყურებელი არასდროს აკლია, საპროტესტო მუხტი მიიღო, სცენიდან ქუჩაში, თუმცა ისევ სცენაზე გადმოინაცვლა.  მაყურებელი კი  პარტერში ჯდომის ნაცვლად, გადაკეტილ ქუჩაზე იდგა და მოუთმენლად ელოდა, მონატრებული სპექტაკლის ნახვას.

გამოგიტყდებით და ისეთი მუხტი მოდიოდა სცენიდან, აშკარა იყო რომ გაფიცულ მსახიობებს ძალზეც მონატრებული აქვთ სცენა და ალბათ ისედაც დიდხნიან პროგრამას, რომელიც გაწელილად მომეჩვენა, ნება რომ მიგეცათ არასდროს დაასრულებდნენ და მთელი ღამე იდგებოდნენ სცენაზე. არა მხოლოდ ანდროსთვის, არამედ  რეჟიმის მიერ დაპატიმრებული სხვა ტყვეებისთვისაც.

„მე გადმოვცურავ ზღვიდან“ “წამოღებული” კონკრეტული მიზანსცენები, მაყურებელში მოზღვავებულ ემოციას იწვევდა. უკვდავი ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით დადგმული სპექტაკლი, რომლის მუსიკის და ტექსტის ავტორები: ირაკლი ჩარკვიანი და ქეთათო პოპიაშვილი არიან, პიესის ავტორი კი ბასა ჯანიკაშვილია, მაგრამ სპექტაკლში ჩართულია მონოლოგები, რომელსაც მსახიობები ასრულებენ და ეფუძნება ვერბატიმის პრინციპს.  პროექტის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი: გიორგი ასანიშვილი გახლავთ, მუსიკალური ვერსიების ავტორები კი, გიორგი ასანიშივილი, ბეთხო და მებო ნუცუბიძე ოთხი მუსიკალური ვერსია გიორგი ცაგარელს და ბექა გოჩიაშვილს ეკუთვნის, სპექტაკლის დეკორაცია თეა თელიას ეკუთვნის, კოსტიუმებზე კი თაკო კვინიკაძემ იმუშავა. კოსტიუმებზე კი თაკო კვინ დამდგმელი რეჟისორი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილია.

რეჟისორმა, აქცია-პერფორმანსისთვის არტისტებს რთული ამოცანა დააკისრა – რა თქმა უნდა, პირველი: არ დარღვეულიყო სპექტაკლის კონცეფცია, ასევ მათ ცოცხლად უნდა შეესრულებინათ სიმღერები, რომლის დახურულ სივრცეში მღერა, პროფესიონალურად ძალიან რთულია. მაგრამ, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის არტისტებს ეტყობათ, რომ ყველაფრისთვის არიან მზად. ალბათ მათ უფლებაც რომ მისცე, მარბიელთა რაზმების, გაზის კაფსულების, წყლის ჭავლის წინაც კი ითამაშებენ – თავისუფლებისთვის.

ასევე, რეჟისორმა რამდენიმე მსახიობს დართო უფლება, პირადი მანიფესტითაც წარმდგარიყვნენ მონატრებული მაყურებლის წინაშე. ნინო კასრაძის ტექსტი, (ისევე როგორც სხვა მსახიობების,) ემოციურად დატვირთული, ობიექტური და ამავდროულად წრფელი იყო. მსახიობი გასცდა არტისტის ჩარჩოებს და როგორც მოქალაქე, დედა, მეგობარი, მეუღლე ისე ესაუბრა მაყურებელს, რომელიც მასზე უზომოდაა შეყვარებული.

ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე, მათი მოქალაქეობრივი პოზიცია, ძლიერება ჯერ კიდევ დარბევების დროს ვნახე პირველად. მიხარია, რომ ამის თქმის შესაძლებლობა ახლა მაინც მომეცა – ისინი, ხშირ შემთხვევაში წყლის ჭავლის, გაზი კაფსულების წინ იდგნენ, ბავშვების წინ და იცავდნენ აქციის მონაწილეებს, დაკავებებისგან და დაშავებისგან, ამიტომ მათ მიერ წარმოთქმული ტექსტის სიმართლეში, მათ გულწრფელობაში ეჭვი წამითაც არ შემიტანია. კახა კინწურაშვილი დაღლილი მომეჩვენა, დაღლილი არტისტი, რომელიც ძალებს იკრებს. ნანა ბუთხუზის ვულკანური ამოფრქვევა არავის გვიკვირს, იგი მებრძოლი ქართველი ქალის სიმბოლოა. რაც შეეხება გიორგი ბახუტაშვილს, უნდა ითქვას, რომ თავისი კოლეგებისგან განსხვავებით სიტყვა ნამეტანი გაუგრძელდა, მაგრამ აღელვებული, გაბრაზებული, მებრძოლი „ბახუტა“ მეხსიერებაში არა მხოლოდ როგორც საყვარელი არტისტი, არამედ სიმართლის მხარეს მდგომ მოქალაქედ დაგვრჩება.

დოიაშვილის, ამ მანიფესტში – მსახიობები გამოგონილი ან შეთხზული პერსონაჟები კი არ არიან, არამედ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს წარმოადგენენ – პიროვნებები თავიანთი მკაფიოდ სათქმელით და ტკივილით, რომელიც სახელმწიფოს ტკივილის ანარეკლია.

დოიაშვილმა, გადატანითი მნიშვნელობების გარეშე, პირდაპირი გვითხრა, რომ რეჟიმი უნდა დასრულდეს (!), რომ რეჟიმს ჰყავს ათობით უკანონო პატიმარი და ეს მხოლოდ ანდრო ჭიჭინაძე არ არის, რომ ის მხოლოდ ანდროსთვის არ იბრძვის და ის მხოლოდ ანდროს თავისუფლებით არ დამშვიდდება.

სცენაზე სპექტაკლის – „მე გადმოვცურავ ზღვას“ ათობით უნიჭიერესი მსახიობი იდგა, რომელთაც ბევრი რამის თქმა სურდათ მაყურებლისთვის და თქვეს კიდეც.

ბევრი ცრემლი იღვრებოდა ქუჩის პარტერში, დოის თეატრალური (რ)ევოლუცია შედგა. იგი, შეკრებილმა აუდიტორიამ ისტორიის სწორ მხარეს მდგომ რეჟისორად შეაფასა. ყველა ნომრის შემდეგ ისმოდა მქუხარე ტაში, რომელიც ღია სივრცემ ვერაფრის ნებით ვერ შთანთქა.

მანიფესტის, ერთ-ერთი მთავარი ეფექტი კონსტანტინე ფურცელაძის დახვეწილი გემოვნების ქორეოგრაფიაა, რომელიც მშვენიერ ფასადს ქმნის თავისუფლებისთვის მიძღვნილ სანახაობაში.

დუმილის დრო მორჩა, შესრულებულია დოის პირობაც: „წამზომი ჩართულია და ათვლა დაწყებულია. ხომ ვერ გვხედავთ, ხომ ვერ ნახეთ, რა არის თეატრი?! 20-დან გვიყურეთ, საინტერესო იქნება” – დოიაშვილის და ვასო აბაშიძის ახალი თეატრის დასი გაფიცულია, გაფიცული თეატრი კი მოივლის რეგიონებს  „ახალი თეატრის“ მანიფესტით -ეს ქვეყანა ჩემია“.

დაელოდეთ მეგობრებო, 21-ე საუკუნის, საქართველოს ისტორიაში პირველად – თეატრი გაფიცულია,  უკომპრომისო მსახიობები კი საპროტესტო  ტრანსფარატებით  რეგიონებისკენ დაიძვრებიან და გააკეთებენ იმას, რაც ამ ხნის განმავლობაში ვერავინ შეძლო.

დრო თავის სათქმელს იტყვის – ვნახოთ, რა სახელით შევა დოიაშვილის თეატრალური (რ)ევოლუცია წლების შემდეგ ისტორიაში.

ფაქტი ჯიუტია – 21-ე საუკუნის ქართული თეატრი, კანონ დაურღვევლად, რევოლუციური მატარებლის რელსებზე შედგა, ეს მატარებელი კი მთელ ქვეყანას სწრაფად მოივლის.

დღეს შეკრებილი მაყურებლები კი შევხვდებით პარტერში, და არა ქუჩაში, მაშინ როცა ქვეყანაში პოლიტ პატიმრები აღარ იქნებიან და სამართლიანობაც აღდგება!

ავტორი: ზუკა ნემსაძე

ჟურნალისტი, თეატრის კრიტიკოსი

წყარო