„ქართული ოცნების“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკი განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სამოგზაურო შეზღუდვები ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებისთვის „ფსიქოლოგიურ ტერორს“ წარმოადგენს. მისი თქმით, ხელისუფლების წევრებს სამსახურებრივ ვიზიტებზე გამგზავრებისას ვიზის რიგში დგომა უწევთ, თუმცა გარკვეულ ქვეყნებში გამონაკლისები ჯერ კიდევ მოქმედებს.
ამასთან, საკონსულო დეპარტამენტმა სპეციალურ პორტალზე განაახლა ინფორმაცია, სადაც მითითებულია, რომელ ქვეყნებში დაკარგა ძალა დიპლომატიურმა და სამსახურებრივმა პასპორტებმა. უწყებაში აცხადებენ, რომ ცვლილება იმ ინტერესის ფონზე განხორციელდა, როდესაც ოფიციალური პირები ხშირად აკითხავდნენ უწყებას იმის გასარკვევად, რომელ ქვეყნებში აღარ მოქმედებს მათთვის არსებული პრივილეგიები.
განახლებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის რამდენიმე წევრ სახელმწიფოში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის აუცილებლობა პირდაპირ არ არის დაზუსტებული, რის გამოც მოქალაქეებს საკონსულო დეპარტამენტთან დამატებითი კონსულტაციის გავლა უწევთ. ამ კონტექსტში კითხვები გაჩნდა იმასთან დაკავშირებითაც, დაუწესა თუ არა სავიზო რეჟიმი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს უნგრეთმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ მოკავშირედ მიიჩნევა.




