თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა 54 წლის მანანა (მანჩო) გიორგობიანს, რომელსაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა. მას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ საქმეში კიდევ 5 ახალგაზრდა ფიგურირებს, მაგრამ მათი სასამართლო პროცესი ცალკე გაიმართა.
“2 ნოემბერს თბილისში, სუპერმარკეტ “სპარში”, მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა თანხის დახურდავება, რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი, ხოლო ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა და დაემუქრა მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ დაზარალებულებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით შემთხვევის ადგილზე მიიყვანა ხუთი პირი, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მათ და მიიმალნენ. იმავდროულად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და სახლის სარდაფში ინახავდა 2 ცალ “კალაშნიკოვის” კონსტრუქციის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას – 110 ცალ ვაზნას, რაც სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს…”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ძალადობის ამსახველი კადრები 5 ნოემბერს გაავრცელა შსს-მ. კადრებში ჩანს, მანანა გიორგობიანი როგორ ემუქრება “სპარის” მოლარეს. ამის შემდეგ ურეკავს მამუკა ჩარკვიანის ვაჟს, ჯანსულ (ჯაკო) ჩარკვიანს. ცოტა ხანში 5 ახალგაზრდა შედის მაღაზიაში და მოლარეს სკამიანად გარეთ მიათრევს. კადრებში ისმის გიორგობიანის ხმა – “ის მეორეც” – და იშვერს თითს მისკენ, ვის დასჯასაც მოითხოვს, რის შემდეგაც მასაც ფიზიკურად უსწორდებიან…
დაზარალებულები 19 და 21 წლის ბიჭები ეთნიკური აზერბაიჯანელები არიან. იმ დღეს პირველად მივიდნენ სამუშაოდ. განსაკუთრებით მძიმე იყო ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელსაც თავში ურტყეს და მას ტვინის შერყევა აქვს. როგორც ამბობს, ქალი მისგან ითხოვდა 5 ლარის 5 თეთრებად დახურდავებას. მას უთხრა, რომ სალაროს ვერ გააღებდა, სანამ რამე არ გატარდებოდა, რადგან სალარო-აპარატი სხვაგვარად არ იღება. ამის შემდეგ დაიწყო ქალმა გინება, ცემა, მერე მოვიდნენ ბიჭები და მათ გაუსწორდნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, ქალი მიხვდა, რომ ქართველები არ ვიყავით, შენ ვინ ხარ ჩემს ქვეყანაში რომ ბლატაობო, და დაურეკა სხვებს დასახმარებლად.
როგორც ჩანს, ბრალდებული მანჩო გიორგობიანი დარბაზში სხვა ბრალდებულებსაც ელოდებოდა, დარბაზში შესვლისთანავე გაკვირვება ვერ დაფარა: “მარტო რატომ ვარ, ბიჭები სად არიან, ერთად უნდა ვიყოთ, ბიჭებთან ერთად მინდოდა სასამართლო, ჩემი ნაცნობი არავინაა აქ, როგორ შეიძლება…” მოსამართლემ ჰკითხა, ეთანხმებოდა თუ არა წარდგენილ ბრალს, რასაც გიორგობიანმა ასე უპასუხა: “დიახ, ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერია კამერებზე… ყველაფერს მოვაწერე ხელი”.
მის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი იცავს. მისი განმარტებით, მანჩო გიორგობიანს მიმალვა არ უცდია, ის მომხდარიდან 2 დღეში დააკავეს და მიმალვა რომ ჰქონოდა განზრახული, ორ დღეში მოასწრებდა.
მანანა გიორგობიანს პროკურატურის მოთხოვნით დაენიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ ქალი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს და სასამართლოში ამის შემდეგ მიიყვანეს. ადვოკატის სიტყვას ბრალდებულის პროტესტი მოჰყვა: “რაც შვილი გარდამეცვალა, მას შემდეგ მომიწია ოთხჯერ კლინიკაში ყოფნამ. შვილის სიკვდილის შემდეგ წმინდანების ხილვა დავიწყე. მითხრეს, ღვთის მადლია შენზეო… ბიპოლარული აშლილობა არა მაქვს. ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს ფსიქოტროპულები. ერთადერთი, რასაც მოვიხმარ, ნარკოტიკული საშუალებებია, 30 წელია. არაფერი გიჟი არა ვარ, ნუ იტყუებით”.
მოსამართლის კითხვაზე, რატომ მოიხმარს ნარკოტიკს, ასე უპასუხა: “მომწონს და იმიტომ. ახლახან ამფეტამინი გადავაგდე. ფსიქოტროპულები ჩემზე ცუდად მოქმედებს, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მოვხვდი. ნარკოტიკი კი ვერ მოქმედებს. მე გიჟი არა ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას. ყველაფერი საღ გონებაზე გავაკეთე”, – განაცხადა ბრალდებულმა.
სანამ ბადრაგები გიორგობიანს დარბაზიდან გაიყვანდნენ, მან დაიძახა: “გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად, ეგენი აყირავებენ “ოცნებას”, მე მაგას არ დავუშვებ!”.
დაკავებამდე, 4 ნოემბერს, გიორგობიანმა სოცქსელში შს მინისტრის შესახებ დაწერა: “გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა. აგწევთ ჰაერში მთელ შსს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან! ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებს მოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ. ჩემს გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო. გაწყინათ ჩემმა ქებაი და დიდებაი! ჭრიჭინას ძერასავით მოგხსნი ჰაერში! ტყვიას ტყვიაში კი ვაჯენ, ნაბანდიტარი ვერელი ვარ, თან ხილიანსკი! ვახტანგ გომელაურს არც ჩემთან, არც სხვასთან კაცობაში და მინისტრობაში არაფერი შეშლია და მსოფლიოში ყველაზე ჰუმანური პოლიცია გადმოგაბარა, ჰოდა, კი დავაბრუნებთ ისევ მინისტრად, შე თავხედო. რას გვიბედავთ, სააკაშვილის პოლიციას აბრუნებ და რკინის მარწუხებს გვიჭერ?! როგორ გადმოგატრიალეთ, ისე გადაგატრიალებთ! ნუ დამაბრუნებ ძველ დროში, რესპუბლიკის კრიმპოლის უფროსი რომ მოვახსნევინე ბიძინას, ქალაქის კრიმპოლის უფროსი, მისი მოადგილე, ქალაქის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ბიჭებს რომ ნარკოტიკს უდებდნენ, პატიმრებთან უსაქციელობისთვის მოვახსნევინე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი. ამ დეკეულს ზედ ქათამივით წავაკალი ბათუმის ციხის უფროსიც… მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში, თორემ განახებთ, პროტესტი რას ჰქვია, შტურმით რომ ავიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს! გავლენის აგენტი სალომე კი არ ვარ, ტრისტატიშიანი მიტინგები ვშალო, გადაგივლით კატოკივით! ნე ბუდიტე ვო მნე ზვერია!”
საზოგადოებაში ბევრი თვლის, რომ სწორედ ამ სტატუსის გამო არ დაინდვეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ძალოვაებმა და გამოამზეურეს ეს საქმე, რომელიც ორი დღით ადრე იყო ჩადენილი. ასეთი მძიმე სტატუსის დაწერამდე ჰქონდათ თუ არა კითხვები სამართალდამცავებს მანჩო გიორგობიანთან 2 ნოემბერს მომხდარ ფაქტზე, უცნობია.
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა იმავე დღეს, 7 ნოემბერს, იმსჯელა ამ საქმეზე დაკავებული კიდევ 5 პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზეც. ოფიციალური ინფორმაციით, მანჩო გიორგობიანმა დაურეკა დახმარებისთვის გარდაცვლილი შვილის მეგობარს, 29 წლის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ოთხ პირთან ერთად მივიდა და სწორედ ისინი გაუსწორდნენ სუპერმარკეტის თანამშრომლებს. ჯაკო ჩარკვიანთან ერთად დაკავებული არიან: დაჩი კეკელია, ლევან გრძელიძე, დავით პეტრიაშვილი და შოთა აფციაური. შსს-მ ჩარკვიანს კიდევ ერთი მუხლით წაუყენა ბრალი – უწყების ცნობით, ჯაკო ჩარკვიანის სახლის ჩხრეკისას ამოღებულია “ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა”.
“მკვდრები ვართ, მე იმ კადრებს ვერ ვუყურებ”
როგორც ჯაკო ჩარკვიანის მამიდა, თაკო ჩარკვიანი, ამბობს, მისი ძმისშვილი თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. “ჯაკო კორპუსის ბინაში ცხოვრობს. ჯაკოს სახლში იარაღები ან მსგავსი რაიმე კანონსაწინააღმდეგო არავის აღმოუჩენია. რომ ჩამოვიდნენ პოლიციელები, ცარიელები იყვნენ, მერე თქვეს, გავიგეთ, რომ აქ ჯაკოს ბიძა ცხოვრობსო, ანუ ჩემი რძლის ძმა… გაჩხრიკეს მისი სახლიც და არც იქ ამოუღიათ არაფერი. მოწმეების თანდასწრებით ხდებოდა ეს. შემდეგ სარდაფი გაჩხრიკეს, იქაც არაფერი იყო, გამოვიდნენ და თქვეს, არც ამ ოჯახშია არაფერიო, მაგრამ ბიძის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს კუთხეში ვნახეთ პირველ სართულზეო.
დააკავეს ძალადობაზე, გავიგე, ცემას როგორ გავამართლებ, მაგრამ კითხვის ნიშნები გამიჩნდა… ეს ქალი ასეთ ქარდებს წერდა, დითირამბებს უმღეროდა ხელისუფლებას, პოლიციაზე ამბობდა, ჩემო საამაყო, მეიმედებითო, რომელიც არის “ოცნების” შემომწირველი, ვითომ აი, ამ “მენტალიტეტის” არის და ამიტომაც დაურეკა ჯაკოს და არა პატრულსო… თუ იმ რაღაცა ბნელი მენტალიტეტის ქალია და მეტყველებითაც ასე ჩანს, მაშინ შსს-ს არ დაუწერდა საქებარ სიტყვებს…
ჩვენ მივხვდით, რომ პროვოკაცია იყო, რომელზეც ესენი წამოეგნენ და მოიქცნენ უსაზიზღრესად… მკვდრები ვართ, მე იმ კადრებს ვერ ვუყურებ. მაგრამ გარდაცვლილი მეგობრის დედამ დაურეკა ბიჭებს, რომლებიც მთვრალები იყვნენ და ზუსტად ისე კიოდა, როგორც ვიდეოში კიოდა, მიშველეთ, მცემეს, მირტყამენო. ეტყობა, ესენი აიშალნენ და შეცვივდნენ. ბევრი კითხვაა, საიდან იცოდა ამ ქალმა, რომ ეს ბიჭები იქვე იყვნენ და ერთად სვამდნენ? ხომ არ გამოიყენა გიორგობიანი პოლიციამ? დღევანდელი იარაღის ჩადების მცდელობით უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროვოკაციას ჰგავს”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი და ძველ ამბავს იხსენებს: “სამ წელიწად-ნახევრის წინ ჯაკო გაიტაცეს, ჩაქუჩით 10-ივე თითი ჰქონდა დამტვრეული, ჯაჭვით იყო მიბმული და აწამებდნენ. მაშინ პირადად მივედი შს მინისტრთან და ვითხოვდი დამნაშავეების დასჯას. ოფიციალურად იდენტიფიცირებული იყვნენ ის პირები. “ტვ პირველმა” აჩვენა ერთი დანაშაულის უმძიმესი კადრები, სადაც ერთ ბიჭს აწამებენ (მისი ვინაობა ვიცით. მერე მას ფსიქოლოგიური მკურნალობა დასჭირდა). კადრებშIი მოძალადეები მის ბოდიშს იწერდნენ… ამაში ავთანდილ კოხრეიძის (იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორი) შვილი და მისი მეგობრები მონაწილეობდნენ. მის სახლში ხდებოდა ეს ყველაფერი. ზუსტად ისინი ფიგურირებდნენ ჯაკოს წამების საქმეშიც, იმავენაირად გაუსწორდნენ მასაც. უბრალოდ, ჯაკოს ვიდეო არ განათავსეს საიტზე, რადგან წამების დროს გონებას კარგავს და ბოდიში ვერ ჩაწერეს. იდენტიფიცირებული იყო ერთ-ერთი უბნის ბანდა, მაგრამ პოლიციამ საქმეც კი არ აღძრა.
მერე მოხდა მკვლელობა ვერაზე, ბიჭს ვიღაცის დაცვამ თავში ესროლა ტყვია. იქაც ამ დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი ფიგურირებდა. ეს საქმეც არ გამოუძიებიათ… როგორც გვეუბნებიან, ეს პროვოკაციაა ამ ყველაფერთან კავშირში, მე ამ ამბავს რომ შევეწირო, არ გავჩუმდები”, – ამბობს თაკო ჩარკვიანი.
ჯაკო ჩარკვიანს ბრალდება ორი მუხლით წარედგინა – ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა. დანარჩენ ოთხს ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხუთივე ბრალდებულს 6 წლამდე პატიმრობა ელის.
მოსამართლემ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და ახლა ისინი ელოდებიან სასამართლოს ვერდიქტს. რაც შეეხება მანანა გიორგობიანს, მას ისევ ფსიქიატრიულში გადაიყვანენ, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.
“იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მანჩო გიორგობიანი არის შეურაცხადი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მოთავსდება შესაბამის დაწესებულებაში” – ამბობს მანჩო გიორგობიანის საქმის პროკურორი.




