მედია: აშშ-მა რუსეთს უთხრა, რომ “კროკუს სითი ჰოლი” შესაძლო სამიზნე იყო

შეერთებული შტატების დაზვერვის გაფრთხილება მოსკოვისთვის 22 მარტის ტერაქტამდე ორი კვირით ადრე, მოიცავდა კონკრეტულ მინიშნებას “კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზის შესახებ – ამის თაობაზე გამოცემა “ვაშინგტონ პოსტი” წერს.
გამოცემის ცნობების თანახმად, რომელიც მოგვიანებით კიდევ ერთმა გავლენიანმა მედიასაშუალებამ – “ნიუ იორკ თაიმსმაც” დაადასტურა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მოსკოვს უთხრეს, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფო” თავდასხმას გეგმავდა და რომ “კროკუს სითი ჰოლი” პოტენციური სამიზნე იყო.
ორივე გამოცემაა დაზვერვის სამსახურებში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გაფრთხილება არ მოიცავდა დეტალებს თავდასხმის დროზე, მაგრამ ამერიკულმა დაზვერვამ მოსკოვს შეატყობინა, რომ ის შეიძლება რამდენიმე დღეში მომხდარიყო.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა 3 აპრილს განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ იცოდა შეერთებული შტატების გაფრთხილების შესახებ.
”ეს არ არის ჩვენი ექსპერტიზის სფერო”, – თქვა დმიტრი პესკოვმა, კრემლის პრეს-სპიკერმა ”რადგან ინფორმაციის გაცვლა ჩვეულებრივ ხდება სპეცსამსახურების არხებით”.
თუმცა, თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, აღიარა გაფრთხილებების მიღება, თუმცა უარყო ის, როგორც დასავლეთის “პროვოკაციული განცხადებები”, რომლებიც “პირდაპირ შანტაჟს, რუსული საზოგადოების დაშინებასა და დესტაბილიზაციას” ისახავდა მიზნად.
ოთხი შეიარაღებული პირი 22 მარტს კონცერტის წინ მოსკოვის გარეუბანში მდებარე საკონცერტო დარბაზში შეიჭრა, რის შედეგადაც 144 ადამიანი დაიღუპა. ეს იყო 2004 წლის შემდეგ ყველაზე მსხვერპლიანი ტერაქტი რუსეთში. ე.წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” მალევე აიღო პასუხისმგებლობა თავდასხმაზე.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და სხვა რუსი ოფიციალური პირები და კომენტატორები მტკიცებულებების გარეშე აცხადებდნენ, რომ შესაძლოა უკრაინამ გარკვეული როლი ითამაშა ამ თავდასხმაში. უკრაინის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს რაიმე სახის მონაწილეობას და მოსკოვს კიევის წინააღმდეგ ომის გასაძლიერებლად ტრაგედიის გამოყენებაში ადანაშაულებს.
სერგეი ნარიშკინმა, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, აპრილს “ინტერფაქსს” უთხრა, რომ ამერიკის გაფრთხილება იყო „ზედმეტად ზოგადი“ იმისთვის, რომ რუსეთს შეძლებოდა შეტევის თავიდან აცილება.
პუტინმა იმავე დღეს თქვა, რომ “კროკუსზე” თავდასხმის ორგანიზატორებს სურდათ „დაეთესათ უთანხმოება და პანიკა”. მან მანამდეც დაადანაშაულა შეერთებული შტატები და სხვა დასავლური ქვეყნები ამავე მიზნით მოქმედებაში. პუტინმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, გამოევლინათ ვინ მიიღებდა საბოლოოდ “სარგებელს” კრიმინალური ქმედებისგან.
“როიტერმა” 1 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა, რუსეთის მოკავშირემ, ასევე გააფრთხილა მოსკოვი “კროკუსზე” თავდასხმის წინ რუსეთის ტერიტორიაზე დაგეგმილი „ტერორისტული ოპერაციის“ შესახებ.
29 მარტს რუსეთში ამერიკის ელჩმა ლინ ტრეისიმ რუსი ოფიციალური პირები შეერთებული შტატების ინფორმაციის არასწორად წარმოდგენაში დაადანაშაულა: „წერილობითი ინფორმაცია იყო კონკრეტული, დროული და სანდო“, – თქვა მან “ტელეგრამზე” განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან