30 იანვარს გელათში ავედი, ვიფიქრე, კიდევ ერთხელ დავხედავ, რა მდგომარეობაშია ძეგლი, ხომ არაფერს აკეთებენ ან ვიზიტორებისთვის ჭიშკარი ხომ არ გაუხსნიათ-მეთქი. ასე, შემთხვევით დავადგინე, რომ გელათში სამუშაოები განახლებულა. მონასტრის ეზოში მუშები დამხვდნენ, ხარაჩოებს მანქანაზე ალაგებდნენ და ადგილს უნაცვლებდნენ.
მათგან გავიგე, რომ თურმე მალე დაიწყებენ დროებითი გადახურვის კონსტრუქციის შეფუთვას, მერე გერმანელებიც ჩამოვლენ და გუმბათიც გადაიხურებაო. ტაძრის გარეთ, სამკაულებით მოვაჭრე ქალმა კი მითხრა, ესენი ორ დღეზე მეტია მუშაობენ, მხატვრობის ჯგუფიც ადგილზეაო.
ვცადე, რომ ადგილზევე გამერკვია, რომელი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ და კონსტრუქციის ხარაჩოზე მომუშავეებს ქვემოდან ვუქნევდი ხელს, იქნებ, ყურადღება მომაქციონ და გამომელაპარაკონ-თქო. ერთ-ერთმა შემიმჩნია და ასევე ხელის დაქნევით მომესალმა, მაგრამ რომ ვკითხე, საიდან ხართ-თქო, თავიდან მომიშორა – “არ მესმის შენი ხმაო”. არადა, იმავე დისტანციაზე მე მისი მშვენივრად მესმოდა.
ალბათ, სხვისი თვალით, სასაცილო სცენა იყო, ჟურნალისტი რომ ხარაჩოზე ასულ მუშას უსვამდა კითხვებს, თუმცა გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა სხვა გზა არ დაგვიტოვა.
თავის ვალდებულებას რომ პირნათლად ასრულებდნენ, ვებგვერდიდან უნდა გვატყობინებდნენ, ვინ, როდის რას აკეთებს გელათში. თუმცა, ასე არ ხდება.
ისიც კი დაგვიმალეს, რომ კონსტრუქციისთვის ხარაჩოების მოწყობაში გერმანელებთან ერთად მესამე კომპანია “ქონსთრაქშენ სერვისი” მონაწილეობდა. ეს ინფორმაცია გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში ვიპოვეთ.
2023 წელს,როცა საპატრიარქომ მონასტრის რეაბილიტაცია გადაიბარა, დაგვპირდნენ, არაფერს დავმალავთო.
“კომიტეტი ანგარიშვალდებულია საზოგადოებასთან ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობაზე. ამ მიზნის მისაღწევად შეიქმნება ინტერნეტ პლატფორმა, სადაც დეტალურად გაშუქდება გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი და ითანამშრომლებს მედია საშუალებებთან” – ვკითხულობთ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის დებულებაში.
ეს ტექსტი ტექსტად დარჩა. კომიტეტი არც ინტერვიუზე გვთანხმდება, არც საჯარო ინფორმაციის სახით გაგზავნილ წერილებზე გვპასუხობს სრულყოფილადდა უფრო მეტიც – ჩვენთან კომუნიკაციის უფლებას მოწვეულ სპეციალისტებსაც არ აძლევს. ასე მოიქცნენ ბრიტანელი ექსპერტების, ლიზა შეკედესა და სტივენ რიკერბის შემთხვევაშიც და “ლეიერთანაც”.
როგორც თვითონ აწყობთ, ისე ამუშავებენ ოფიციალურ პლატფორმას gelatirehabilitation.ge,რომელიც, წესით, დოკუმენტების ორგანიზებულად თავმოყრისთვის შეიქმნა.
აქ ბოლო ორ წელში ასეულობით დოკუმენტი აქვთ ატვირთული, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მათ შორის, განსაკუთრებით კრიტიკულ დასკვნებს ვერ იპოვით.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ჩვენს სტატიებს არ ეთანხმება ხოლმე და უარყოფს, რომ მათი საქმიანობა ბურუსითაა მოცული. ამის დასამტკიცებლად, ერთ უცნობ ამბავს მოგიყვებით.
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მხოლოდ გერმანული კომპანიები არ არიან ჩართულნი. “ლეიერის” და “ქუადრექსის” გარდა ამ საქმეში მონაწილეობს “ქონსთრაქშენ სერვისიც”, რომელმაც ტაძრის შიდა ხარაჩოები ააწყო, თუმცა ინტერიერში მისი მონტაჟი ჯერ დასრულებული არ აქვს.
ამ კომპანიის სახელი საპატრიარქოს და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს ჯერ არსად უხსენებია. არქიმანდრიტი კირიონ ონიანი, რომელიც ამ პროცესებს მეორე წელია უძღვება, ყველა საჯარო განცხადებაში გერმანელებს ახსენებდა.
15 ნოემბერს კომიტეტის მიერ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში ამოვიკითხეთ, რომ ფოლადის კონსტრუქცია “ქონსთრაქშენ სერვისმა” დაამზადა.
…ფოლადისოვალური სტრუქტურა აწარმოა ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა და რეპუტაციულმა კომპანიამ საქართველოში – ‘ქონსთრაქშენ სერვისმა’ ”,-ვკითხულობთ იუნესკოსთვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში.