არაბული ქვეყნების ლიდერებმა მხარი დაუჭირეს 53 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ღაზას სექტორის პალესტინის ხელისუფლების მომავალი ადმინისტრაციის პირობებში აღდგენას მოსახლეობის გადაადგილების გარეშე, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული გეგმა არის არაბული ქვეყნების ლიდერების მცდელობა, წარმოედგინათ დონალდ ტრამპის იდეის ალტერნატივა ღაზას სექტორის აღდგენასთან დაკავშირებით.
წინადადება, რომელიც კაიროში, არაბული ქვეყნების ლიგის სამიტზე წარადგინეს, ფოკუსირებულია გადაუდებელი დახმარების უზრუნველყოფაზე, დანგრეული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებაზე.
ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ სამიტის გახსნისას განაცხადა, რომ მისი მთავრობის რეკონსტრუქციის გეგმა უზრუნველყოფს პალესტინელების საკუთარ მიწაზე დარჩენას.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეკონსტრუქციის გეგმა არ ასახავს „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ არსებულ ვითარებას და რომ მასში არ არის ნახსენები თავდასხმის დროს ისრაელელების მკვლელობა და გატაცება და არც „ჰამასის“ კრიტიკა.
„ჰამასმა“ კი გეგმის წარმატების უზრუნველსაყოფად საჭირო საშუალებები მოითხოვა და სამიტს არაბული და ისლამური მხარდაჭერის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზადაა გეგმასთან დაკავშირებით სრული თანამშრომლობისთვის.
