„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ ეხმიანება სასამართლოებში მობილური მოწყობილობების შესანახი კარადების დამონტაჟებას, რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ ჟურნალისტებისთვის დამატებითი შეზღუდვების დასაწესებლად.
„ქართული ოცნების“ სასამართლო სისტემა აგრძელებს რეპრესიულ პოლიტიკას დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ და დამატებით დაბრკოლებებს უქმნის ჟურნალისტებს, რომლებსაც სურთ სრულფასოვნად გააშუქონ სასამართლო პროცესები…
სასამართლო ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის გარანტი უნდა იყოს, გადაიქცა „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ მყოფ უსამართლობის სიმბოლოდ – იქ, სადაც კანონი აღარ იცავს, არამედ დევნის. ჟურნალისტები და აქტივისტები ხშირად ხდებიან სასამართლოსა და „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ზეწოლის, დევნისა და ძალადობის სამიზნე“, – წერია განცხადებაში.
კოალიცია აცხადებს, რომ ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დევნაში სასამართლო მოქმედებს, „როგორც დამსჯელი უწყება“.
„მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქების შეზღუდვა არა მხოლოდ უხეშად არღვევს ჟურნალისტების უფლებებს, არამედ საზოგადოებას ართმევს შესაძლებლობას, იყოს ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ აღსრულდება სამართალი“, – აცხადებს მედიაკოალიცია.
„ქართული ოცნების“ მიერ დაჩქარებული წესით მიღებული კანონითა და მასზე დაყრდნობით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს უფლება მისცეს, სასამართლო სხდომაზე დამსწრეებს ჩამოართვან ნებისმიერი მოწყობილობა, რომლებითაც შესაძლებელია ფოტო-ვიდეოგადაღება ან ხმის ჩაწერა.
საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა უკვე იყიდა სპეციალური კარადები, ასობით ინდივიდუალური სათავსოთი მობილური ტელეფონის ზომის ნივთების შესანახად. მსგავსი კარადები, რომლებსაც ჯამში 960 განყოფილება აქვს, უკვე მიიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მისი გადაღების შესაძლებლობას რადიო თავისუფლებას სადავო პარლამენტში დაჩქარებული სახით მიღებული კანონი უკრძალავს.
ბოლო თვეების განმავლობაში სადავო პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონი, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეზღუდა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. 28 ივნისიდან ამოქმედდა კანონი, რომლითაც სასამართლოს შენობასა და ეზოში აიკრძალა ფოტო-ვიდეოგადაღება და აუდიოჩაწერა.
მედიასაშუალებებს სასამართლოდან ინფორმაციის გამოტანის ერთადერთ წყაროდ ლეპტოპები და მობილური ტელეფონები დარჩათ, რომლებითაც „ლაივ ბლოგებს“ ამზადებენ. თუკი სასამართლოში ელექტრონული მოწყობილობების შეტანას აკრძალავენ, კიდევ უფრო მწირ ინფორმაციას მიიღებს მოქალაქე.
სასამართლოს შენობასა და ეზოში ფოტო-ვიდეოგადაღება ბოლო რამდენიმე თვეა აკრძალულია, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი მაინც ახერხებს ხოლმე მანდატურის სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის შემთხვევების ასახვას და გავრცელებას.
ფორუმი



