მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური ფოტოების მოპოვება-გავრცელებისთვის 20 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ახალგაზრდა კაცი დააკავა მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ბრალდებით. 20 წლის კაცს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული დაზარალებულ ქალს ფეისბუკის ყალბი გვერდით გაეცნო და ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების მუქარით “უსიტყვო მორჩილება” მოსთხოვა.
“იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა”, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის კვალიფიკაციით – სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით.