მეგობრების ცნობით, ბაქოში დააკავეს აქტივისტი ბაჰრუზ სამადოვი

მეგობრების ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დააკავეს აქტივისტი, მკვლევარი და ჟურნალისტი ბაჰრუზ სამადოვი. მას წინა საღამოდან მოყოლებული ეძებდნენ.
მკვლევარი ბაჰრუზ სამადოვის ერთ-ერთი მეგობარი, სამად სიხი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამადოვის ოჯახის ცნობით, პოლიციელებმა სამადოვის სახლი გაჩხრიკეს.
„ბაჰრუზის ბებიას ვესაუბრეთ. გვითხრა, რომ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. პოლიციელებმა მითხრეს, რომ ბაჰრუზი ჩვენ გვყავსო. ნარკოტიკებთან ფრთხილად იყავითო“, – ამბობს იგი.
ამ ინტერაქციაზე დაყრდნობით, მეგობრები ვარაუდობენ, რომ დაკავების საფუძველი სავარაუდოდ „ნარკოტიკების ფლობაა“, – ბრალდება, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ პირებს ხშირად უყენებენ.
„ეს აზერბაიჯანში პოლიტიკური დაპატიმრებების ნაცნობი პრეტექსტია“, – ამბობს სამად სიხი.
მისი თქმით, სამადოვი სახლის ჩხრეკამდე უკვე დაკავებული ჰყავდათ; ვარაუდობს, რომ იგი ქუჩაში დააკავეს.
არც ოჯახმა და არც მეგობრებმა არ იციან, რომელ განყოფილებაში ჰყავთ აქტივისტი გადაყვანილი.
მას ჯერჯერობით არ ჰყავს ადვოკატი.
ჯერჯერობით განცხადება ან ცნობა არც აზერბაიჯანის სამართალდამცავებს გაუვრცელებიათ და არც ხელისუფლებასთან დაკავშირებულ მედიასაშუალებებს.
ბაჰრუზ სამადოვი ჩეხეთში, ში ცხოვრობს და დროგამოშვებით სტუმრობს ბაქოს ოჯახის წევრების მოსანახულებლად.