მებაღეობა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს ამცირებს – კვლევა

ედინბურგის უნივერსიტეტის ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მებაღეობა დადებითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე და შეუძლია სხვადასხვა დაავადების, მათ შორის ალცჰაიმერის პრევენცია.
კვლევის შედეგები The Journal of Environmental Psychology-ში გამოქვეყნდა.
მეცნიერები ასობით შოტლანდიელის ცხოვრების წესს ასწლეულის განმავლობაში აკვირდებოდნენ და შედეგად მნიშვნელოვან დასკვნებამდე მივიდნენ.
კერძოდ, მათი მტკიცებით, ბაღში გატარებულმა დრომ შესაძლოა ადამიანები დემენციისგან 80 წლის ასაკამდე დაიცვას, მიუხედავად მათი ეკონომიკური სტატუსისა და განათლებისა. შოტლანდია ალცჰაიმერის დაავადებას აქტიურად ებრძვის. ტვინის ჯანმრთელობის სპეციალისტის ჯილიან კაუნსილის განცხადებით, ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რა სარგებელი მოაქვს მათი ტვინის ჯანმრთელობისთვის მებაღეობას. ამას ემატება კიდევ ერთი სარგებელი – საკუთარ ბაღში მოყვანილი საკვები უფრო ჯანსაღია.
კვლევამ მოიცვა ის ადამიანები, რომლებიც ედინბურგში მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადნენ. 11 წლის ასაკში მათ გაიარეს ინტელექტის ტესტი, რათა შეფასებულიყო მათი მსჯელობის და არითმეტიკული უნარები. მათ შორის ასობით ადამიანს ზრდასრულ ასაკშიც აკვირდებოდნენ, მსგავსი შეფასება მათ 79 წლის ასაკშიც ჩაუტარდათ. პროექტის ფარგლებში აღირიცხებოდა ფაქტები მათი ცხოვრების წესის შესახებ 90 წლის ასაკამდე.
კვლევის 467 მონაწილიდან თითქმის 30%-ს არასდროს უმუშავია ბაღში, 44 პროცენტი კი ამ საქმიანობით რეგულარულად, სიბერემდე იყო დაკავებული.
იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ბაღში ხშირად მუშაობდნენ, 280-ს საპენსიო ასაკში ჰქონდა უკეთესი კოგნიტური შესაძლებლობები, ვიდრე – ბავშვობაში. იმ 187 ადამიანის ტესტის თანახმად კი, რომლებიც მებაღეობით არასდროს ან იშვიათად იყვნენ დაკავებული, ეს თვისებები უფრო დაბალი იყო მათსავე ბავშვობასთან შედარებით.
ამ ეტაპზე შოტლანდიაში დემენციის პრობლემა 100 ათას ადამიანს აქვს.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცხოვრების არაჯანსაღი წესი ზრდის დაავადების განვითარების რისკს, თუმცა ტვინის აქტიურობის შენარჩუნება და საკმარისი ძილი დაავადების თავიდან აცილებაში გვეხმარება.
კვლევის წამყვანი ავტორის, დოქტორ ჯენი ქორლის განცხადებით, მებაღეობის პროექტებში მონაწილეობა, მცენარეების შესწავლა და ზოგადად, ბაღის მოვლა მოითხოვს რთულ კოგნიტურ პროცესებს, როგორიცაა მეხსიერება და აღმასრულებელი ფუნქციები, რაც ტვინის ჯანმრთელობის დიდხანს შენარჩუნებაში გვეხმარება.
წყარო: jandacva.ge

ასევე დაგაინტერესებთ