მდინარე ძუსაში 3 ადამიანი დაიხრჩო, ერთი კი ამ დრომდე გაუჩინარებულია

უბედური შემთხვევა მოხდა თერჯოლის მუნიციპალიტეტში. როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მდინარე ძუსაში სამი ადამიანი დაიხრჩო, ერთი კი ამ დრომდე გაუჩინარებულია.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამცვერას ჩანჩქერის სანახავად რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცდა და წყალში გადავარდა. მისი თანმხლები პირები დასახმარებლად წყალში ჩავიდნენ, თუმცა, ისინიც დინებამ გაიტაცა.

ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. წყლიდან სამი გვამია ამოყვანილი, ერთი კი ამ დრომდე არ უპოვიათ.

მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა მათმა თანმხლებმა პირმა, რომელიც ხმელეთზე დარჩა.