მდინარაძის თქმით, ყველა 50 მოქალაქისთვის უბნის გახსნა „ფიზიკურად შეუძლებელია“

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ „ფიზიკურად შეუძლებელია“ საარჩევნო უბნის გახსნა „მსოფლიოს ყველა ადგილზე, სადაც საქართველოს 50 მოქალაქეა“.
მდინარაძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ ხელისუფლებას აქვს მზაობა, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები გახსნას კანონის შესაბამისად. მისი თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, საკონსულოების რაოდენობა შესატყვისია ამომრჩევლად დარეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობისა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.
„50 მოქალაქის გამო ცალკე ვერ იქმნება ხოლმე [საარჩევნო უბანი], სამწუხაროდ. 50 მოქალაქეზე ნაკლებზე ვერ იქმნება“ — განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, ცალკე საარჩევნო უბანი გახსნას მსოფლიოს ყველა კუთხეში, ნებისმიერს ქალაქში, დაბასა თუ სოფელში, სადაც 50 მოქალაქეა.
„გარანტირებულად გეუბნებით, მსოფლიო ვერცერთი ქვეყანა, 30, 40, 50 მოქალაქისთვის, — რაც არ უნდა მსგავსი კანონმდებლობა ჰქონდეს, — ვერ ახერხებს ყველა იმ ადგილზე საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც ეს რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს. კანონის ამგვარი აღსრულების პრეცედენტები მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ უფიქსირდება. ასეთი ინტერპრეტაცია [კანონის] ვერ ხერხდება მსოფლიოს ვერცერთი ქვეყნის მიერ“, — განაცხადა მდინარაძემ.
რამდენიმე თვეა, ქართველი ემიგრანტები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.
გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი პრაქტიკით სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნება, ემიგრანტებს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირთ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.
ამ თემაზე:
რატომ არ იხსნება დამატებითი საარჩევნო უბნები საკონსულოს გარეთ | ინტერპელაცია
როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე