მდინარაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელმა “ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი”

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მ დღეს 3 თებერვალს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის შესახებ.
მამუკა მდინარაძემ, თქვა, რომ მზია ამაღლობელმა, რომელიც საპატიმროში 23-ე დღეა შიმშილობს “ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი”.
“რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, რომ დიდი გმირობის ჩამდები ადამიანი იყოს, გასაგებია შიმშილობა და გასაგებია ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა უნდა იყოს კარგი – ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრება ყველაფერი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ, რომელმაც “შანტაჟად” დაახასიათა მზია ამაღლობელის შიმშილობა. მზია ამაღლობელის განცხადებით ის “არ აპირებს მიიღოს რეჟიმის დღის წესრიგი”.- “ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა”.
“სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება ეს ჩვეულებრივი ამბავია, მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესია, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება და კარგად თუ უნდა რომ იყოს შიმშილით სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ რომ თავის თავს მიხედოს და ჯანმრთელობას მიხედოს”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.
მისი განმარტებით “შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი”.
კითხვაზე, როგორ შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი, მდინარაძემ უპასუხა, რომ “შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით”,
მისივე განმარტებით, მზია ამაღლობელი “კონკრეტული დავალებით მოქმედებდა” რათა შელახულიყო “პოლიციის და პოლიციელების რეპუტაცია”
“პოლიციის უფროსს სპეციალურად ამიტომ დაარტყა ხელი, ეს არის ტრენინგებზე ნასწავლო ამბავი, რომ მის ხელქვეით, მის დაქვემდებარებაში მყოფ ადამიანებთან, მართლაც გმირ პოლიციელს, რომ შეელახოს რეპუტაცია”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წლებია ირწმუნება, რომ სხვადასხვა ჯგუფები აქტივისტებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ტრენინგებს უტარებენ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობის სცენარებში. სუსმა დაახლოებით ასეთივე შინაარსის განცხადება 2023 წლის სექტემბერშიც გააკეთა, გამოკითხვაზე დაიბარა CANVAS-ის ტრენინგების არაერთი მონაწილეც, თუმცა გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.
დღეს, 3 თებერვალს მზია ამაღლობელს საპატიმროში მოინახულა მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა ნონა ქურდოვანიძე, მისი თქმით, ამაღლობელი რომელიც 23-ე დღე შიმშილობს, მხოლოდ წყალს იღებს, რაც გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. თუმცა. ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
“ის შედარებით უფრო სუსტად გრძნობს თავს, ვიდრე მანამდე გრძნობდა, როდესაც მე მას ბოლოს შევხდი. თუმცა ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მზია ამბობს, რომ ის ამას კიდევ გაუძლებს და პროცესში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მარტშია ჩანიშნული. ის ასევე, უარყოფითად და ემოციურად აფასებს იმ განცხადებებსაც, რომელიც „ქართული ოცნების“ სხვადასხვა წარმომადგენლის მხრიდან კეთდება. კერძოდ, როდესაც ისინი საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს არის შანტაჟი მზიას მხრიდან. მზია ამაღლობელს თავიდანვე ცხადად ჰქონდა ნათქვამი, რომ ის არ ითხოვს შიმშილობის გამო რაიმე შეღავათებს მის საქმესთან დაკავშირებით. ეს არის მისი გადაწყვეტილება, იმ უსამართლობის გამო, რომელიც ქვეყანაში ხდება, არა მარტო მის საქმეზე, არამედ ზოგადად. აქედან გამომდინარე, ის პროტესტის ამ ფორმას აგრძელებს”, – უთხრა ჟურნალისტებს ნონა ქურდოვანიძემ.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” სახალხო დამცველს მიმართა, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგისთვის შექმნას სპეციალური ჯგუფი. ასევე ითხოვენ რამდენიმე გამოკვლევის ჩატარებას.
საიამ მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია მისი დაკავების შემდეგ პირველად 31 იანვარს მიიღო. ამაღლობელი 12 იანვარს დააკავეს და ის რუსთავის საპატიმრო დაწესებულებაშია განთავსებული.
საია სახალხო დამცველს სთავაზობს იმ ექიმების სიის მიწოდებასაც, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში.
მზია ამაღლობელი, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, უკანონო პატიმრად მიიჩნევა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და კოლეგების შეფასებით.
ის ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
29 იანვარს ხელისუფლებას ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა იან ბრაათუმ.
30 იანვარს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაერტიმ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეშფოთებულია ამაღლობელის დაპატიმრებით და იმედოვნებს, ხელისუფლება სწრაფად იმოქმედებს.
ფორუმი