მდიდრული სახლები, რომლებშიც მინისტრები და დეპუტატები ცხოვრობენ

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ბევრი მაღალჩინოსანი დაწინაურების პარალელურად გამდიდრდა. მაღალჩინოსნებმა შეიძინეს უძრავი ქონება, ძვირადღირებული ავტომანქანები, ძვირფასი ნივთები, მოგზაურობენ უცხოეთში და შვილებს ძვირადღირებულ სკოლებში ასწავლიან.

მათ შორის ბევრი მაღალჩინოსანი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად ბევრად მეტს ხარჯავს, ვიდრე ერთი პენსიონერის მთელი წლის პენსიაა.

ძვირადღირებული ქონების შეძენასთან ერთად, „ოცნების“ დეპუტატები და მაღალჩინოსნები საკუთარი საცხოვრებელი სახლებისთვის ადგილს ირჩევენ მშენებლობებითა და საცობებით გადატვირთული დასახლებებისგან მოშორებით, სადაც ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღალი მაჩვენებელი არ ფიქსირდება.

ხშირად ირჩევენ ნაძვნარს, ფიჭვნარს, მთისა და წყალსაცავების ხედებს;

ფეშენებელურ სახლებს იშენებენ ქალაქგარეთ, გამწვანებულ ზოლში ან საერთოდაც ტყესთან ახლოს, დიდი და მდიდრული ეზოებით, დამხმარე ნაგებობებით და გასართობი სივრცით. ამ სახლების ფართობები მეტწილად 600 კვ.მეტრამდეა და კიდევ უფრო მეტი.

საცხოვრებელი სახლების სამშენებლოდ კი ისინი ირჩევენ ძვირადღირებულ, ენერგოეფექტურ მასალებს და არანაკლებ ძვირადღირებულ ავეჯს, სახლების მოსაწყობად.

ზოგიერთი მათგანის დეკლარაციაში წლიდან წლამდე ასობით ათასი ლარია მითითებული სამშენებლო-სარემონტო ხარჯებში. ხშირად ეს ხარჯები ჯამურად მილიონს და ზოგჯერ მეტსაც აღწევს – ეს ამ მაღალჩინოსნების სახლების აშენება-გარემონტების ხარჯებია.

არიან ისეთები, ვინც საჯარო სამსახურში მისვლამდე გამდიდრდა და ხელფასი, რასაც საკანონმდებლო ორგანოში იღებენ, მათთვის „ზღვაში წვეთია“, მაგრამ პოლიტიკაში მაინც მოვიდნენ. ამ კატეგორიას მეტწილად საქართველოს პარლამენტში შეხვდებით. მათგან საკანონმდებლო ინიციატივები ნაკლებად გვახსოვს.

მაშ, რისთვის მოვიდნენ ისინი პოლიტიკაში? – ბოლო წლებში საქართველოში არაერთი კვლევა გამოქვეყნდა პარლამენტიდან ბიზნესის ლობირების წარმატებულ პრაქტიკაზე – არაერთი დადასტურებული შემთხვევაა, როდესაც პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ბიზნესმენი კიდევ უფრო გამდიდრდა.

„ბათუმელებმა“ ამჯერად დათვალა დანახარჯები, რაც მაღალჩინოსნებმა საკუთარი სახლ-კარის მშენებლობა-რემონტზე დახარჯეს.

  • „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის სახლები

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა ირაკლი კირცხალიას მას შემდეგ ჩააბარეს, რაც პარლამენტიდან სუს-ში გადავიდა.

დეპუტატი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ თბილისში, ჯაფარიძის ქუჩაზე სახლი აჩუქეს. მისივე ინფორმაციით, ნაჩუქარი სახლი მოიცავს 2 საცხოვრებელ ფართობს, ჯამში 95,2 კვ.მეტრს და ტექნიკურ სათავსოს – 37,6 კვ.მეტრს.

ზუსტად იმავე მისამართზე, იმავე შენობაში, ირაკლი კირცხალიას კიდევ შეუსყიდია რამდენიმე ქონება – საერთო ჯამში აქ დეპუტატი 588.12 კვ მეტრამდე ფართობს ფლობს, მათ შორის ღია ტერასას: შემაღლებაზე ახალაშენებული კორპუსი აერთიანებს ბინებს ქალაქის ხედით და ღია ტერასებით. ამ ქონებაში ირაკლი კირცხალიას 700 000-ზე მეტი ლარი აქვს გადახდილი.

ამ სახლთან ახლოს, დეპუტატს სხვა საცხოვრებელი სახლიც აქვს – დეკლარაციაში მიწის ნაკვეთის შესახებ მიუთითა და იქვე ჩაწერა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობაც დგას, რომლის საერთო ფართობი 524.1 კვ.მეტრია. დეპუტატი აქვე ფლობს კიდევ ერთ შენობა-ნაგებობას, რომლის საერთო ფართობი 427.9 კვ.მეტრია, ეს ქონებაც უჩუქებიათ.

დეპუტატს საჩუქრად მიუღია ასევე მიწის ნაკვეთები მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში. 2021 წელს კირცხალიას 6 მიწის ნაკვეთი – ჯამში 4 ჰექტარზე მეტი აჩუქეს. ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე რვა შენობა დგას, საერთო ჯამში 1000 კვ.მეტრზე მეტია, მათ შორის არის საცხოვრებელი და დამხმარე ფართობები.

ვრცლად