რუსეთის დაღესტნის რესპუბლიკის დედაქალაქში შარშან, ოქტომბერში, მოწყობილი არეულობის ხუთ მონაწილეს არმავირის საქალაქო სასამართლომ ცხრა წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური იტყობინება.
ანვარბეკ ატაევს, ისლამ იბრაგიმოვს და სალიკ რამაზანოვს ექვსი წლითა და ოთხით თვით მიუსაჯეს პატიმრობა. ისინი დამნაშავედ ცნეს მასობრივი არეულობის მოწყობაში.
რაბადან რაჯაბოვს ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ძალადობის გამო ყველაზე ხანგრძლივი ვადით მიუსაჯეს პატიმრობა.
“Медиазона” იტყობინება, რომ ეს არის “პოგრომის” მონაწილეთა მიმართ გამოცხადებული პირველი განაჩენი. ბრალდებულები სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიებში მოიხდიან. დანაშაული არცერთ მათგანს არ უღიარებია.
განაჩენი ჯერ ძალაში არ არის შესული. სასამართლოს თანახმად, ბრალდებულები მოქმედებდნენ ნაციონალური და რელიგიური სიძულვილის მოტივებით „ბრბოში“ ორგანიზატორების მოწოდების მიხედვით. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდებულების და სხვა პირების ქმედებამ გამოიწვია აეროპორტის მუშაობის სრული გაჩერება.
· 2023 წლის 29 ოქტომბერს ასეულობით ადამიანი შეიჭრა მაჰაჩყალის აეროპორტის ტერიტორიაზე ისრაელიდან, თელ-ავივიდან, თვითმფრინავის ჩამოფრენასთან დაკავშირებით. ისინი ეძებდნენ ებრაელებს და ჩამოსულ მგზავრებს პასპორტებს უმოწმებდნენ.
· ღაზაში ისრაელის არმიის მოქმედების ფონზე, ისინი დაღესტნიდან ებრაელების განდევნას მოითხოვდნენ. არეულობაში მონაწილეობდა ათას ხუთასზე მეტი პირი, ბრალდება წარუდგინეს 136 ადამიანს. პროკურატურამ გამოაცხადა, რომ კანონსაწინააღმდეგო მოქმედების სამიზნე გახდა 30 პოლიციელი, ბევრმა მათგანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა დონის დაზიანება.
· რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ამტკიცებენ, რომ არეულობები ორგანიზებული იყო უცხოეთიდან, კერძოდ, უკრაინიდან. კიევი ამ ბრალდებას უარყოფს.