მაყვალა გონაშვილი – „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მწერალთა კავშირის განადგურება სამ რამეს ემსახურებოდა: პირველი – ცნობიერების შეცვლას, მეორე – ქონების შოვნას, სახელმწიფოს ართმევდნენ ყველაფერს და მესამე, ეს იყო შიშის დათესვა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მწერალთა კავშირის ყოფილ თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილს უსმენენ.
გონაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.
მაყვალა გონაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი მწერალთა კავშირის განადგურება იყო, რაც თავის მხრივ, რამდენიმე მიზანს ემსახურებოდა – „პირველი ეს იყო ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. მეორე, ქონების შოვნა, სახელმწიფოს ართმევდნენ ყველაფერს, ხოლო, მესამე, ეს იყო შიშის დათესვა“.
„ჩვენ პირველი მსხვერპლი ვიყავით, შემდეგ ამას მოჰყვა ჟურნალისტების დარბევა, უნივერსიტეტში მხცოვანი პროფესორების გამოკეტვა დახურულ შენობაში, ტუალეტში შესვლის უფლებაც რომ არ მისცეს. ამას მოჰყვა საშინელი დამოკიდებულება უწმინდესისადმი, ცოტა ხანში აკადემიისადმი ცინიკური დამოკიდებულება ანუ იმაზე, რაზეც ქვეყნის ცნობიერება იდგა, მისი შეურაცხყოფა და დამცირება, მაგრამ რა უნდოდათ ყველაზე მეტად – სამ რამეს ემსახურებოდა ჩვენი განადგურება: ეს იყო ისტორიული საძირკვლის მორყევა, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ქართულ მწერლობაში არის გაცხადებული ერის სულიერება და როდესაც მწერალთა კავშირი შეიქმნა, სწორედ ტიციან ტაბიძე ბრძანებდა, რომ „ერის სული მწერლობაში ლაპარაკობს, სხვას არავის აქვს ერის სახელით ლაპარაკის უფლება. ეს მწერლის საღმრთო საქმეა და თუ ვინმეს საქართველოს მოკვლა სურს, ჯერ მწერალს უნდა ესროლოს“. ეს ის პერიოდია, მოკვლა აღარ სჭირდებათ ჩვენი, ისედაც გამცირებენ, ისეთ გადაცემებს აკეთებდნენ, გული გაგისკდებოდა მწერალთა კავშირზე, დიდუბის პანთეონს შეურაცხყოფდნენ გადაცემებით, მახსოვს. პირველი, ცნობიერების შეცვლა, ახალი ადამიანის მიღება. ასეთ პროცესს ჰქვია გონების მალაყი. ქართველებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ქართული სიტყვა უყვარდათ, მათ გონებაში მალაყი უნდა მომხდარიყო. ქონების შოვნა, სახელმწიფოს ართმევდა ყველას და ყველაფერს, განკულაკება ხდებოდა. ამით ავსებდნენ თავის სალაროებს და მესამე, რაც უმნიშვნელო არ არის, ეს იყო შიშის დათესვა. შენ, ვინც მე არ მიმიღე გაშლილი ხელითა და გაშლილი გულით, ისეთივე პასუხს გაგცემ. სამივემ გადაიარა ჩვენს თავზე“,- განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.
ამასთან, მაყვალა გონაშვილმა 2007 წლის 21 აგვისტოს, მწერალთა კავშირში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა.
„ღამის 4:00 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ, ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ, – ამის შესახებ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს მწერალთა კავშირში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ღამის 4 საათზე, 2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ შენობა გატეხესო. მე ვიფიქრე, ალბათ, ქურდებმა. ყველაფერი ვიცოდი, ვინ იყვნენ, მაგრამ მაშინაც კი ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გაბედავდნენ. სასწრაფოდ მივედი და დავურეკე ადვოკატსაც. შემეშინდა, რამე არ დამაბრალონ- მეთქი. რამე რომ გაეტანათ, მერე პირიქით არ შემოებრუნებინათ ჩვენს საწინააღმდეგოდ და არ ეთქვათ, რომ მწერალთა კავშირში ნივთები დაკარგულია. ამიტომ, ძალიან მინდოდა, რომ ადვოკატთან ერთად გადამებარებინა თუნდაც ეს ქონება. მითხრეს, რომ არაფრის უფლება არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ჩემი წიგნები გამომეტანა ჩემი კაბინეტიდან. მე ამაზე მძიმე ღამე არ მინახავს. 2007 წლის ღამეა, მაჩაბელი მთლიანად გადაკეტილია ნიღბიანი ადამიანებით. მაჩაბლის პირველიდან თოთხმეტამდე არავის სახე არ უჩანს, ღამის 4 საათია და სიბნელეში შევდივარ მწერალთა კავშირის შენობაში. ხომ შეიძლებოდა ისე გადაებარებინათ ეს ქონება- გალაქტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობლის [ხატი]. არ ვიცი, თითქოს სპეციალურად დამახვედრეს და ზედ ფეხებით გადიოდნენ და გამოდიოდნენ. შევედი ჩემს კაბინეტში და მესმის საშინელი ხმები პირველი სართულიდან. ჩავირბინე და ვხედავ ფანჯრიდან იყრება ყველაფერი, რაც კი შეიძლება გადაიყაროს“, – განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია