2024 წლის მე-3 კვარტალის მონაცემებით, FDI-ის 88% მხოლოდ სამ ქვეყანაზე – ნიდერლანდებზე, ბრიტანეთსა და მალტაზე მოდის.
ჯამურად წლის 9 თვეში კი ამ სამ ქვეყანაზე მთლიანი FDI-ის 46.4% მოდის. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ნიდერლანდებიდან შემოსული ინვესტიციები (115 მლნ აშშ დოლარი) 3.3-ჯერ ჩამოუვარდება გასული წლის მაჩვენებელს. ნიდერლანდურ ინვესტორ კომპანიებს შორის გვხვდება კომპანია „ბორჯომი“, რომელიც განხორციელებული ინვესტიციით უმსხვილესი კომპანიების სიაშია, თუმცა კომპანიის საბოლოო მფლობელი ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზეა რეგისტრირებული.
IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოში წლებია FDI-ს მოცულობით მოწინავე ინვესტორ ქვეყნებს შორის არის გაერთიანებული სამეფო, რისი მიზეზიც საფინანსო და სადაზღვევო სექტორში განხორციელებული ინვესტიციებია. აღნიშნული კი ერთის მხრივ იმ ფაქტს უკავშირდება რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ხვდება მსხვილი ქართული ჰოლდინგები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ივაჭრებს.
“წლების განმავლობაში FDI-ში მაღალია ოფშორული ქვეყნების წილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ოფიციალურ სტატისტიკაში ასახული უცხოური ინვესტიცია, შესაძლოა ისევ ქართულ კაპიტალს წარმოადგენდეს. ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნებში, დაშვებულია და წინააღმდეგობაში არ მოდის კანონმდებლობასთან.
ამ გზით ბიზნესები გადასახადების შემცირებას ახდენენ. თუმცა, შესაძლოა, ხშირად FDI-ის უკან ისევ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებმაც ინვესტიცია ქვეყნიდან ჯერ გაიტანეს, შემდეგ კი უკან შემოიტანეს. ამის მაგალითია მიმდინარე წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების სიაც, – 10-დან, 4 კომპანიის საბოლოო მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანიაა.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების რეიტინგში წელს მალტას 11% უკავია, წლის პირველ 9 თვეში მალტიდან თითქმის 108 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა. მხოლოდ მესამე კვარტალში კი მალტა უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა – 29.5%-იანი წილით (58.3 მლნ დოლარი). მალტიდან ტოპ ინვესტორ კომპანიებში კი ტრადიციულად ხვდება „ალმა“, – კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის მალტაში რეგისტრირებულ Meridian Malta-ს, ხოლო მისი საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრეები ბიზნესმენები ლევან და სოსო ფხაკაძეები არიან”, – ნათქვამია IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მათივე მონაცემებით, მიმდინარე წლის I-III კვარტალში, იმ კომპანიების სიაში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა გვხვდება „თბილისი ენერჯი“ – ინვესტორ ქვეყნად კი მარშალის კუნძულები, სადაც „თბილისი ენერჯის“ 100%-ის მფლობელი კომპანია შპს „ვოლთბეი“ არის რეგისტრირებული. რეალურად კი “ვოლთბეის” აქციების 50%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მოქალაქე, ხვიჩა მაქაცარიაა, მეორე 50%-ის კი აზერბაიჯანის მოქალაქე ნასიბ ჰასანოვი. კერძოდ, კომპანიის აქციების მეორე 50%-იანი წილის მფლობელი კომპანიაა Weco investment and Finance S.A., რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. თავის მხრივ Weco Investment and Finance S.A.-ის 100%-ის მფლობელია შპს HARRIMAN HOLDINGS, რომელიც ასევე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზეა რეგისტრირებული. ამ კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი კი ნასიბ ჰასანოვია.
ოფშორულ ქვეყნებშია რეგისტრირებული “ქართული ცემენტი” და “ბორჯომიც”, რომლებიც ასევე გვხვდება წლის იმ უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. “ქართული ცემენტის”, ყოფილი “ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას” მენეჯმენტი ოფიციალურად მიმდინარე წელს შეიცვალა. კომპანია გერმანულმა Heidelberg Materials-მა დატოვა, რაც გერმანიის ელჩმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო კურსს დაუკავშირა. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი იყო ნიდერლანდებში მდებარე კომპანია „CaucasusCement Holding B.V.“ . მის აქციებს კი ფლობენ: ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანია „HeidelbergCement Central Europe East Holding B.V.“ (45%), ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „Cement Invest B.V.“ (45%), სვეტლანა ლამპრიანოვა-ბეჟუაშვილი, საქართველოს მოქალაქე (10%). 2023 წელს კი “ცემენტ ინვესტმა“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს თანაინვეტირების ფონდის, ირაკლი რუხაძის “ჰანიველ პარტნერზისა” და დავით ბეჟუაშვილის ოჯახის ინტერესებს, სრულად გამოისყიდა „ჰაიდელბერგ მატერიალზ“-ის წილი „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში. Cement Invest B.V-ის ერთობლივად აკონტროლებს კაიმანის კუნძულებზე დაფუძნებული GCF L.P და ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულებზე დაფუძნებული Park Street Capital L.P.
ოფშორულ ინვესტიციებად მიიჩნევა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებიც, რომელიც უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მეათე ადგილს იკავებს.
IDFI-ის ცნობით, წლების განმავლობაში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის გვხვდებოდა პანამა – ამის მიზეზი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი ბიზნესების ნაწილის პანამაში რეგისტრაცია წარმოადგენდა. მას შემდეგ რაც ივანიშვილმა აქტივები “ფონდ ქართუს” გადასცა, პანამიდან ინვესტიციები შემცირდა და თუკი მაგალითად 2019 წელს თითქმის 80 მლნ დოლარს აღწევდა, 2022 წელს 5.3 მლნ დოლარამდე შემცირდა, მიმდინარე წლის 9 თვეში კი პანამიდან მხოლოდ 77,300 დოლარი შემოვიდა.