1 ნოემბრიდან ძალაში შევიდა ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცვლილებები “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში”, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს, გარდა მცირე გამონაკლისისა, ეკრძალებათ დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება ხელმძღვანელის წერილობით თანხმობის გარეშე.
კანონის დარღვევის შემთხვევაში, საჯარო მოხელეს სამსახურის დატოვება და საჯარო სექტორში მუშაობის 2-წლიანი აკრძალვა ემუქრება. მას ასევე ექნება აღებული ანაზღაურების დაბრუნების ვალდებულებაც.
როგორც იურისტები კანონის განმარტებისას ამბობენ, აღნიშნული ცვლილება მასწავლებლებსაც შეეხებათ. მათ არ შეეძლებათ დამატებით ანაზღაურებადი საქმიანობის შესრულება, სკოლის დირექტორის თანხმობის გარეშე, მათ შორის, არ შეეძლებათ სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება:
“საჯარო სკოლის მასწავლებლისთვის შესაძლებელია, რომ პარალელურად დასაქმდეს კერძო სკოლაში, მაგრამ ამას სჭირდება თავისი სკოლის დირექტორის თანხმობა. ასევე შემოდის მეორე მომენტი, ადრე რეპეტიტორობა, როგორც თვითდასაქმების ფორმა, არც დაშვებული იყო და არც აკრძალული; ახლა, კანონში ჩაიწერა, რომ სხვა ნებისმიერი ანაზღაურებადი საქმიანობა უნდა იყოს [წერილობით] შეთანხმებული ხელმძღვანელთან და შესაბამისად, რეპეტიტორობაც მოითხოვს ამ თანხმობას. ამას როგორ გააკონტროლებენ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ეს პედაგოგებზე ზეწოლის დამატებითი ბერკეტი შეიძლება გახდეს” – ამბობს იურისტი, საია-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში.




