მასტერის თქმით, ქეთი მელუამ მათი დუეტის აღება მოითხოვა

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი აცხადებს, რომ მომღერალმა ქეთი მელუამ და მისმა ლეიბლმა მათი დუეტის ლიცენზიის გაუქმება გადაწყვიტა და სიმღერის აღება მოითხოვა. როგორც პავლიაშვილი განმარტავს, ამის მიზეზად, “LGBT ორგანიზაციებისგან მიღებული საჩივრების სიმრავლე” დასახელდა.
მისივე სიტყვებით, ქეთი მელუამ ლეიბლის გაუქმება მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მან “დრეგ ბოლზე” მომღერალ ნანი ბრეგვაძის მიწვევა გააპროტესტა.
“ნანიმ ივენთზე აღარ იმღერა და ახლა ალბათ მათი მხრიდან “რევანშის” დრო იყო. ვფიქრობ სრულიად უსამართლოა ეს გადაწყვეტილება, რადგან ამ კონკრეტულ სიმღერას არ ჰქონდა არანაირი შეხება ამ თემასთან და მასზე დაიხარჯა უდიდესი დრო და ენერგია, არ იფიქროთ ვწუწუნებდე ამ თემაზე, უბრალოდ ყველა ჩემი სიმღერა ჩემთვის ძვირფასია, მითუმეტეს როცა მსმენელი მას ასე იყვარებს… ეგ არაფერი, აქამდე არ შევუჩერებივარ არაფერს ამ გზაზე და არც ეს იქნება ბარიერი, რომელიც აზრს შემაცვლევინებს…”, – წერს მასტერი.
მასტერისა და ქეთი მელუას დუეტი “თბილისი ლონდონი” YouTube-ზე ამ დრომდე [01:33] იძებნება.
ნანი ბრეგვაძის “დრეგ ბოლზე” გამოსვლის შესახებ 2023 წლის ბოლოს გახდა ცნობილი. “The Drag Ball: All Stars ბრუნდება! მას გახსნის ერთადერთი და განუმეორებელი, ქართული ესტრადის კაშკაშა ვარსკვლავი, ლეგენდარული “… – წერდნენ ღონისძიების ორგანიზატორები. თუმცა მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნანი ბრეგვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ იმღერებდა ღონისძიებაზე.
მომღერალმა “დრეგ ბოლზე” შეკრებილებს ვიდეოს საშუალებით მიმართა:
“შობა-ახალ წელს გისურვებთ, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას. ვწუხვარ, რომ მე ვერ ვესწრები ამ საღამოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად ჩაივლის და მე მგონია, სიყვარული მაინც გაიმარჯვებს”.
მაშინ ქართული ესტრადის ვარსკვლავი “LGBT აქტივისტების მხარდაჭერისთვის” მალევე გააკრიტიკეს. სოციალურ ქსელში, ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები.
დრეგ ბოლი – ქვიარ კულტურის ნაწილი და არტისტული პერფორმანსია, სადაც განსხვავებული რასის, სქესისა თუ ორიენტაციის ადამიანებს საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება ეძლევათ და მას უკვე დიდი ხნის ტრადიცია აქვს.
საქართველოში დრეგ ბოლები ბოლო რამდენიმე წელია იმართება და მისი მხარდამჭერია ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“. დრეგ ბოლის სცენაზე წინა წლებში იმღერეს ქართველმა მომღერლებმა – მ და გიული ჩოხელმა.

ასევე დაგაინტერესებთ