აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის არაოფიციალურმა ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა ტყუილი უწოდა სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ უკრაინას, შესაძლოა, შეუწყდეს წვდომა მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, უკრაინის მინერალებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
“ეს ტყუილია. Reuters-ი იტყუება. ისინი მხოლოდ AP-ს (ასოცირებულ პროპაგანდას) თუ ჩამორჩებიან ტყუილი ამბების მემკვიდრეობით” – წერს მასკი თავის პლატფორმაზე X.
საქმე გვაქვს მასკის მხრიდან სიტყვებით თამაშთან, AP სინამდვილეში იშიფრება როგორც “ასოშიეიტედ პრესი”.
მანამდე Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, უკრაინას შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე.
წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე.
Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის.
