მასკის თქმით, მისმა კომპანიამ ადამიანს ტვინის ჩიპი პირველად გადაუნერგა

ილონ მასკი აცხადებს, რომ მისმა კომპანია Neuralink-მა წარმატებით გადაუნერგა პირველი უსადენო ჩიპი ადამიანს. მასკის თქმით, პროცედურამ ტვინის „დამაიმედებელი“ აქტივობა აჩვენა, პაციენტი კი თავს კარგად გრძნობს.
როგროც BBC წერს, კომპანიის მიზანია, ადამიანის ტვინი კომპიუტერს დაუკავშიროს და ამ გზით კომპლექსური ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს დაეხმაროს. გამოცემა აღნიშნავს, რომ Neuralink-ის კონკურენტ არაერთ კომპანიას უკვე აქვს მსგავსი მოწყობილებების ადამიანისთვის გადანერგვის გამოცდილება.
მათ შორის, შევიცარიულმა კომპანია École Polytechnique-მა 2023 წლის მაისში სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ მათი იმპლანტის დახმარებით პარალიზებულმა კაცმა კვლავ შეძლო გავლა. BBC აღნიშნავს, რომ აღნიშნულმა ინფორმაციამ სამეცნიერო აუდიტიც გაიარა:
„ყველა კომპანიისთვის, რომელიც სამედიცინო მოწყობილობებს აწარმოებს, ადამიანებზე პირველი ცდების დაწყება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ტვინის იმპლანტების სფეროში ადამიანისთვის მოწყობილობის გადანერგვა მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ შეძლო, ასე რომ, Neuralink ამ მცირე ჯგუფს შეუერთდა“ ,— ამბობს ლონდონის კინგსის კოლეჯის პროფესორი BBC-სთან საუბრისას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ -ის სამედიცინო მარეგულირებელმა FDA-მ მასკის კომპანიას ადამიანებზე ცდების დაწყების უფლება გასული წლის სექტემბერში მისცა.
ილონ მასკი მოწყობილობას, რომელიც მისივე მტკიცებით, ადამიანს წარმატებით გადაუნერგეს, Telepathy-ს (ტელეპათია) უწოდებს. მასკი ირწმუნება, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება, ადამიანმა გონების ძალით მობილური ტელეფონი და კომპიუტერი მართოს. ილონ მასკი ასევე აცხადებდა, რომ თავდაპირველად მოწყობილობის მომხმარებლები ის ადამიანები გახდებიან, რომლებსაც კიდურებზე კონტროლი აქვთ დაკარგული.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – არჩევნებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა იმის გარანტი იქნება, რომ მოხდეს ჩვენი ხალხის ნების გამოხატვა, რაც ანტიქართული მაფიოზური კლანის მოცილებაში გამოიხატება