მარტის შუა რიცხვებში ევროკომისია წარადგენს თეთრ წიგნს ევროპული თავდაცვის მომავალზე, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გდანსკში. მისი თქმით, ამ დოკუმენტმა უნდა განსაზღვროს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის განვითარების ძირითადი მიმართულებები, თანამედროვე გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით.
“სამი წლის განმავლობაში პუტინის (რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის-რედ.) ომი მიმდინარეობს. ჩვენ გავზარდეთ თავდაცვითი პროდუქციის წარმოება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც მეტი, უფრო მეტი, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მეტი უნდა დავხარჯოთ, ხარისხიანად და დავხარჯოთ ერთად. ჩვენ უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები, გვჭირდება ტექნოლოგია, დონე და კოორდინაცია”, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის ისტორიაში პირველი ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი, მისი დანიშვნიდან პირველი 100 დღის განმავლობაში, წარადგენს თეთრ წიგნს ევროპული თავდაცვის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების მთავარ პრიორიტეტებს.
ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა, გასული წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საჭიროა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 500 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის ჩადება ევროპის თავდაცვის მრეწველობის განვითარებაში.
ფორუმი